Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი რუსლან გერემეევი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიჭრა


რუსლან გერემეევი
რუსლან გერემეევი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევი, რომელიც მანამდე მარიუპოლის ტერიტორიაზე ნახეს, დაჭრილი საავადმყოფოში აღმოჩნდა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური იუწყება.

ვიდეოში, რომელიც ტელეგრამის არხმა "ოპერატიულმა რეპორტაჟებმა" გამოაქვეყნა, საავადმყოფოში მყოფ გერემეევს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი და სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრი ადამ დელიმხანოვი ეწვივნენ.

კადიროვმა საავადმყოფოს საწოლში მყოფ გერემეევს უთხრა, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ორი დღის განმავლობაში. „ჩვენ მაშინ თვითმფრინავით წაგიყვანთ სახლში და გავაგრძელებთ შენ მკურნალობას“, - თქვა კადიროვმა.


კადიროვმა 29 მარტს განაცხადა, რომ პირადად წავიდა მარიუპოლში ჩეჩნური დანაყოფების ქმედებების შესამოწმებლად. თუმცა, არ არის ცნობილი, რომელ საავადმყოფოში ინახულა მან გერემეევი და როგორია დაჭრილის დიაგნოზი. ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურებაც არ არსებობს.

ორი დღით ადრე რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსლან გერემეევი ჯერ კადიროველთა ჯგუფთან ერთად ლოცულობს, შემდეგ კი, როგორც ითქვა, ჩეჩნეთის დროშას ამაგრებს მარიუპოლის ადმინისტრაციის შენობაზე.

რუსლან გერემეევი უკვალოდ გაქრა იმ დროს, როდესაც პოლიცია აპირებდა მის დაკითხვას არტურ გერემეევთან ერთად ნემცოვის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე. გამოძიებამ ისინი ვერ იპოვა, რადგან, ოფიციალური ვერსიით, მათი რეგისტრაციის ადგილზე სამართალდამცველებს სახლის კარი არავინ გაუღო.

რუსლან გერემეევი ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი და 2015 წლიდან იძებნება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში.

XS
SM
MD
LG