Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უნდა დავეხმაროთ არმიას... მთავარსარდალს" - ვის აომებს რუსეთი უკრაინასთან?


უკრაინაში ომის პირველი წარუმატებელი ფაზის შემდეგ, რუსეთმა გარღვევას ჯერჯერობით ვერც დონბასში, წინასწარ გამოცხადებული „საშინელი მეორე ფაზის“ ფარგლებში მიაღწია, რომელიც უკვე 4 დღეა დაიწყო.

ომის დაწყებიდან 57-ე დღეს ანალიტიკოსები სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ რუსეთს არ ეყოფა ძალა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - დაიკავოს მთელი ტერიტორია ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ისინი ხედავენ აშკარა ნიშნებს, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებში ბრძოლის ჟინის გაღვიძებას სხვადასხვა გზით უშედეგოდ ცდილობს;

რა ხდება ახლა და რა მდგომარეობა იქნება 9 მაისისთვის, როცა რუსეთში "სამამულო ომში" გამარჯვების ზეიმს გეგმავენ?

ომის „საშინელი მეორე ფაზის“ მომლოდინეებს რუსეთის არმია იმედებს უცრუებს - რუსი ჯარისკაცები ვერ მიიწევენ წინ, “თვალის დახამხამებაში” ვერ იპყრობენ მთელ დონბასს და, როგორც უკრაინული მედია იუწყება, მარცხის კომპენსირებას ისინი, 21 აპრილს, გაძლიერებული სარაკეტო დარტყმებით ცდილობდნენ.

თავის მხრივ კი, კიევი იტყობინება მტრის წარმატებით მოგერიების შესახებ და როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი ამბობს, უკრაინის არმიამ 20 აპრილს მწყობრიდან გამოიყვანა ერთი მთელი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (БТГ) და ყოველდღე იმავეს უკეთებს, სულ ცოტა, ნახევარ БТГ-ს, მძიმე ტექნიკის განადგურების გზით.

არესტოვიჩის პროგნოზია, რომ დაახლოებით 3 კვირაში, 9 მაისისთვის, რუსეთის არმია უმოქმედო იქნება შეტევითი ოპერაციებისთვის; ხოლო ამასობაში ნატოს ქვეყნების მიერ მიწოდებულ თანამედროვე, ზუსტ შეიარაღებას სრულად აითვისებს და რუსეთს სულ სხვა ძალით, გამარჯვების რეალური პერსპექტივით გამოეცხადება. ასეთი პროგნოზი არესტოვიჩმა 20 აპრილს, „ფეიგინ ლაიფის“ მორიგ გადაცემაში გააკეთა და მაყურებელს მიმართა, რომ დაიმახსოვროს ეს გადაცემა.

  • აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე უკრაინაში რუსეთს ჰყავს 82 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (БТГ); ბოლო კვირაში რუსეთმა დამატებით 17 БТГ შეიყვანა და მათ შორის 4 – 19 აპრილს.
  • არესტოვიჩის 20 აპრილის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, იზიუმის არეალში რუსეთს შეყვანილი ჰყავს დაახლოებით 25 ათასი ჯარისკაცი, თითოეულ БТГ-ში 600 ჯარისკაცით.
  • დანარჩენი რუსი სამხედროები განთავსებული არიან ხერსონისა და მარიუპოლის მიმართულებებით.

კრემლის პროპაგანდისტი ანალიტიკოსები და ბლოგერები ქალაქ მარიუპოლის საბოლოოდ დაცემამდე წუთებს იმის გამოც ითვლიან, რომ ეს სრულად გამოათავისუფლებს მარიუპოლის მცველებთან ბრძოლაში ჩართულ БТГ-ებს. თუმცა მცველები დანებებას არ აპირებენ და მათ ამაში "აზოვსტალის" სიმტკიცეც ეხმარება.

თუმცა 21 პრილს მოვლენები პუტინის პოლიტიკის მომხრეთათვის აშკარად უსიამოვნოდ განვითარდა. მართალია, „აზოვსტალში“ გამაგრებულ პოლკ „აზოვსა“ და 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებს ისედაც ვერაფერს უხერხებდნენ, მაგრამ ხუთშაბათს შტურმის ბრძანება გააუქმა პირადად მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა პუტინმა.

არესტოვიჩი ვარაუდობს, რომ რუსებმა გააცნობიერეს ომში ამ ეტაპზე თავისი ბოლო აქტიური ოპერაციის უპერსპექტივობა"; თუმცა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი არც იმას გამორიცხავს, რომ მიზანს გადაჯგუფება წარმოადგენს.

ისრაელელი სამხედრო ექსპერტი, ისრაელის არმიის თადარიგის ოფიცერი, გრიგორი ტამარი - იუთუბარხ Politeka Online-თან ამბობს რომ „ისევე, როგორც პირველი ფაზის დროს, რუსეთის არმიას არც ახლა ჰყოფნის კარგად მომზადებული, ხარისხიანი ქვეითები“ და ამ დანაკლისის შევსებას, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა არმიის მსგავსად, „ჯავშანსატანკო შენაერთების სიმრავლით ცდილობს“.

„ჯავშანტექნიკა ქვეითთა ძლიერი შენაერთების გარეშე კარგავს თავის ძლიერ მხარეებს... ვფიქრობ, ეს იქნება მათი მთავარი პრობლემა ტაქტიკურ-ოპერატიულ დონეზე. შეუძლებელია სახმელეთო ოპერაციაში მიაღწიო წარმატებას, გარკვეული ტერიტორიების დაკავებისა და შენარჩუნების გარეშე“, - განმარტავს ტამარი.

ის ასევე ვარაუდობს, რომ ომის დასაწყისში, სწორედ ქვეითთა ძლიერი შენაერთების ნაკლებობის გამო იყენებდა რუსეთი ასე აქტიურად ყველაზე ძლიერ საჰაერო-სადესანტო შენაერთებს და „დღეს მას ასეთი სახის [საჰაერო-სადესანტო] ჯარი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - აღარ ჰყავს“.

რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, როცა წარმატებით ვერც მეორე ფაზა დაიწყო?

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთი ახლავე სიხარულით გამოაცხადებდა საყოველთაო მობილიზაციას, მაგრამ ეს წამგებიანი ნაბიჯი იქნებოდა მისთვის.

მაგალითად, უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი ამბობს, რომ ჯერ რუსი ხალხი არ არის მზად ომში ჩასართავად და დასვამენ შეკითხვას - „როგორ, რუსეთის არმია მსოფლიოს მეორე არმია არ არის?!“.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი საომარ მდგომარეობასა და საყოველთაო მობილიზაციას დონბასის ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაში გამოაცხადებს.

როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი სტანისლავ ბელკოვსკი აღნიშნავს „Настоящее Время“-სთან ინტერვიუში, რუსეთმა მობილიზაციისთვის ხალხის ფსიქოლოგიური მომზადება უკვე დაიწყო.

„საყოველთაო მობილიზაცია ბოლო კოზირია. იმ წარმოდგენების ზრდა, რომ ნატოს ძალები, უკრაინელების მხარეს, პირდაპირ მონაწილეობენ "სპეცოპერაცია Z"-ში და ასევე, რუსეთის ტერიტორიაზე - კურსკის, ვორონეჟის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში განხორციელებული თავდასხმები [აფეთქებები] - ყველაფერი ეს, ცხადია, მობილიზაციისთვის [ხალხის] ფსიქოლოგიური შეგუების გეგმის ნაწილია“, - ამბობს ანალიტიკოსი. თუმცა ის შიშობს, რომ პუტინმა მობილიზაციას, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გასროლითაც დაასწროს.

"ჩვენ უნდა დავეხმაროთ"

რუსეთის პროპაგანდისტული არხები, განსაკუთრებით ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ, სულ უფრო ამკვიდრებენ აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთი არა უკრაინას, არამედ ნატოს ებრძვის, მათ ნატოს შეიარაღებასთან უხდებათ გამკლავება და რომ აუცილებელია - რუსეთის სახელმწიფოს დახმარება.

როგორც რუსეთის მედია იუწყება, კრემლის მთავარი რუპორის - “Russia Today”-ს დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ხალხს მოუწოდა შეწყვიტოს ბუზღუნი და დაეხმაროს ნატოსთან მებრძოლ რუსეთის ხელისუფლებას.

„ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავთან დავსვამთ შეკითხვას - რატომ ვართ იქ [უკრაინაში], ვთქვათ, 50 დღე და რატომ ასე დიდხანს - [გავცეთ პასუხი] ეს არ არის უკრაინა, ეს ნატოა. ყველას უნდა გამარჯვება! ალბათ რუსეთისთვის იოლი არ არის, მარტომ ებრძოლოს მთელ ნატოს... არის ალბათ ობიექტური მიზეზები, რატომაც ვერ გავიმარჯვეთ დღემდე... ალბათ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს არმიას, ჩვენს მთავარსარდალს [პუტინს] დამაჯერებელ გამარჯვებაში“, - თქვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე სიმონიანმა. მისი სიტყვებით, თუკი რუსეთი სწრაფ გამარჯვებას მოინდომებს, 300 000 ადამიანი მოკვდება.

ნატოსთან შერკინებასა და ომის საჭიროებაზე, „როსია 1“-სა და „როსია 24“-ის ეთერში, არცთუ იშვიათად ლაპარაკობენ რუსი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. მაგალითად, „მოსკვას" ჩაძირვით გაბრაზებულმა რეჟისორმა, ვლადიმირ ბორტკომ გასულ კვირაში თქვა, რომ სპეცოპერაცია სასწრაფოდ „სრულმასშტაბიანი ომით“ უნდა შეიცვალოს.

ასეთი მოწოდებებისა და მრავალი ახალი პატრიოტული სიმღერის ჩაწერის მიუხედავად, სამხედრო კომისარიატებთან, როგორც რუსეთიდან იუწყებიან, ომში წამსვლელთა რიგები არ დგას.

სხვადასხვა ინფორმაციით, რუსეთს შეუძლია 10-15 მილიონი ადამიანის მობილიზაცია ომში წასაყვანად.

თუმცა ექსპერტების ნაწილს უბრალოდ არ სჯერა, რომ რუსეთი ხარისხიან მობილიზაციას შეძლებს და ხალხის შეკრებაც რომ მოახერხოს, მათი აზრით - ფიზიკურად ვერ შეძლებს მათ ხარისხიან შეიარაღებას, მით უფრო, უკრაინის არმიისთვის დასავლეთის მხრიდან დიდი რაოდენობით თანამედროვე შეიარაღების მიწოდების ფონზე.

ექსპერტების ცნობით, უკრაინა უპრობლემოდ და სწრაფად შეკრებს 5 მილიონ მოტივირებულ მებრძოლს.

„უკრაინა 24“ ავრცელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები მასობრივად ამბობენ უარს ომში წასვლაზე. „სამხრეთის ოლქის მე-8 არმიის 150-ე დივიზიის კონტრაქტორების უარმა 60-70%-იან მაჩვენებელს მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში.

9 მაისს?

ანალიტიკოსები ხშირად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს აუცილებლად ესაჭიროება ხელშესახები წარმატება - „სამამულო ომში“ გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის, რადგან პუტინის რუსეთში ეს დღე, უკვე წლებია, ლამის საკრალურ დღესასწაულად არის ქცეული და წითელ მოედანზე რუსეთის იმპერიული ძლევამოსილების დემონსტრირების დღედაც ითვლება.

რუსეთის მედია იტყობინება, რომ 9 მაისის დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებს 11 ათასი სამხედრო, ტექნიკის 200-ზე მეტი ერთეული და მათ შორის - 77 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. იტყობინებიან, რომ ვარჯიშის პროცესი უკვე დაიწყეს.

თუმცა ამ ეტაპზე ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ, თუკი რუსეთმა აღლუმის ჩატარება მაინც შეძლო, მთავარსარდალს ხალხისთვის გამარჯვების ზღაპრის მოყოლა მოუწევს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG