რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დივერსიული აქტებისა და შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდებს, თუმცა არ აზუსტებს, რომელ ფაქტებს გულისხმობს.
რატომ იმუქრება მოსკოვი კიევის დაბომბვით და რამდენად შესაძლებელია, მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განადგურება?
მუქარა და საპასუხო მუქარა
მართალია, უკრაინასთან ომის პირველ ფაზაში განცდილი აშკარა წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის არმიამ მთლიანად დატოვა ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი, მაგრამ კიევს ახლა უკვე მოსკოვიდან ემუქრება.
13 აპრილს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ თუკი უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიებსა და ცეცხლის გახსნას არ შეწყვეტენ, „მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის - კიევში“.
გენერალ-მაიორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმება „გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებში“; მაგრამ, ექსპერტების ლოგიკით, სამიზნეებს შორის აუცილებლად იგულისხმება - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რადა და თავდაცვის სამინისტრო, სადაც რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსები ძირითად გადაწყვეტილებებს იღებენ.
„მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ვერცერთი რუსული [სცენარი] ვერ იმუშავებს. კრემლმა უკვე დაამტკიცა, რომ ბრძოლა შეუძლია მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან, რომელიც მას ვერ უპასუხებს. რუსეთი ყველა დანაშაულისთვის სამომავლოდ საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე აგებს პასუხს“, - ასე უპასუხა ოკუპანტების მუქარას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.
მისმა მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა კი გააფრთხილა რუსეთის მხარე, რომ, ასეთი იერიშის შემთხვევაში, თავდასხმებს რუსეთშიც უნდა დაელოდოს.
„აქ ყველანი მზად ვართ ამისთვის - დაე გამოფრინდეს [რაკეტა, ბომბი], ვნახოთ... უბრალოდ უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენს მმართველობის ორგანოებზე ნებისმიერ იერიშს ჩვენი მხრიდან მოეძებნება თავისი ხრახნი [საპასუხო ქმედება]. საჭიროა აკურატულობა, რადგან ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობები გვაქვს რუსეთის მიმართულებით [საპასუხო იერიშისთვის]. ჩვენ ამას ჯერ არ ვიყენებთ, რადგან ნებისმიერ ომს აქვს ესკალაციის ხარისხები. გინდათ ესკალაცია?! მაშინ იყოს ესკალაცია“, - განაცხადა არესტოვიჩმა 13 აპრილს „ფეიგინ ლაივის“ მორიგ გადაცემაში.
შესაძლებელია თუ არა სარაკეტო იერიშის 100%-იანი მოგერიება, თუკი რუსეთი მაინც გადაწყვეტს, ვთქვათ, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისზე თავდასხმას?
ამ კითხვაზე მოკლე პასუხია - არა.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი გვეუბნება, რომ რუსეთმა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გამოიყენოს, მაგალითად - «Калибр»-ის, „Х-101“ ფრთოსანი რაკეტები, „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი. რუსეთს არსენალში აქვს თავისი "კინჟალიც", რომელიც, საერთაშორისო ექსპერტების ბოლო შეფასებით, იმავე „ისკანდერის“ ბაზაზე შექმნილი სისტემაა და არა ჰიპერბგერითი იარაღი; თუმცა მისი განეიტრალება "თითქმის შეუძლებელია".
სრული გარანტია არც სხვა შემთხვევებში არსებობს, მაგრამ რაკეტების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად, ექსპერტის თქმით, უკრაინას ესაჭიროება - "ავაქსის” ტიპის მზვერავი სისტემა, ავიაგამანადგურებლები და თანამედროვე საზენიტო კომპლექსები.
მარტში მოსკოვი აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა უკრაინისთვის С 300-ის ტიპის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის გადაცემას; თუმცა სლოვაკეთმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ამ მხრივ უკრაინის საჭიროება უკვე დაკმაყოფილებულია და ახლა ლაპარაკია ავიაგამანადგურებლების გადაცემაზეც.
ექსპერტების გამოთვლით:
- ერთი რაკეტა „კალიბრის“ გაშვება რუსეთს 6 მილიონი დოლარი უჯდება;
- 26 მარტს, უკრაინაში 70 ასეთი რაკეტა გაუშვეს და მხოლოდ 8 მოხვდა მიზანს. დანარჩენი უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ გაანადგურა (არ კონკრეტდება - როგორ და რა გზით).
С 300-ები არ არის იმ შეიარაღების ჩამონათვალში, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებს 13 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მოსთხოვა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას იარაღი თავისუფლებისა და ევროპის დასაცავად სჭირდება.
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის არმიის თავმოყრის ფონზე და მასშტაბური ბრძოლის მოლოდინში, ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს ავიაგამანადგურებლებს, ტანკებს, ჯავშანმანქანებს, სხვადასხვა სახის საარტილერიო კომპლექსებსა და რაკეტებს.
დაკონკრეტების გარეშე, კიევი სხვადასხვა გზით ადასტურებს ცნობებს იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვნად გააქტიურდა შეიარაღების მიღების პროცესი. თუმცა სჭირდება მეტი შეიარაღება, განსაკუთრებით, შორი მოქმედების სარაკეტო და საზენიტო სისტემები.
საერთაშორისო პარტნიორებმა აკრძალვის ზღვარი მოხსნეს და აცხადებენ, რომ უკრაინა ყველა საჭირო იარაღს მიიღებს.
რუსეთმა მანამდე არასდროს?
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე თავდასხმისგან „რუსეთის არმია ამ დრომდე იკავებდა თავს“, მაგრამ ეს აშკარა ტყუილია.
ომის 34-ე დღეს, 29 მარტს, სამხრეთ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა, მძლავრი სარაკეტო იერიში პირდაპირ ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს. დილის 08:45 საათზე, საჰაერო იერიშის შედეგად, ჩამოინგრა სამხარეო ადმინისტრაციის ცხრასართულიანი შენობის ცენტრალური ნაწილი, პირველიდან მეცხრე სართულის ჩათვლით.
იტყობინებოდნენ სულ მცირე 14 დაღუპულისა და 35 დაშავებულის შესახებ. ქალაქისა და ოლქის ხელმძღვანელი პირები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.
დივერსია, შეტევა და სიგარეტი
რუს სამხედროს, იგორ კონაშენკოვს 13 აპრილის ბრიფინგზე აღარ განუვრცია უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები, დივერსიული აქტებისა და შეტევების შესახებ. თუმცა რუსეთის მედია კონკრეტულ ბრალდებებს აშუქებს.
რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, ბელარუს კოლეგებთან ერთად, გადაწყვიტა გამოიძიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადება რუსეთზე თავდასხმისთვის.
„ბელარუსი ძალოვნების მონაცემებით, უკრაინელ სამხედროებს სურდათ, ცეცხლი გაეხსნათ რუსეთის იმ ოლქების მიმართულებით, რომლებიც ესაზღვრება უკრაინას. ამავე დღეს, დილით, იტყობინებოდნენ კურსკის ოლქის სოფელ გორდეევკაში სასაზღვრო პუნქტის დაცხრილვის შესახებ. რუსმა მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლით შეაჩერეს თავდასხმა“, - ვკითხულობთ "იზვესტიას" სტატიაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 11 აპრილიდან, „ტერორისტული საფრთხის გაძლიერებული დონეა“ გამოცხადებული უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში. ჩამონათვალშია კრასნოდარის მხარე, ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკისა და ვორონეჟის ოლქები. „ყვითელი დონე“ შეეხო ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით 5 და აღმოსავლეთით - 2 რაიონს.
1 აპრილს რუსეთის ბელგოროდში, „როსნეფტის“ ნავთობტერმინალის 8 რეზერვუარი დაიწვა. რუსეთის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ობიექტს „უკრაინის შეიარაღებული ძალების ორმა ვერტმფრენმა (ми-24)“ დაარტყა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა ინფორმაცია უარყო; თუმცა, მაგალითად - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდ მოტუზიანიკმა არც დაადასტურა და არც უარყო; ხოლო პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა რიტორიკულად იკითხა - „იქნებ, ვიღაცამ არასწორ ადგილას მოსწია [სიგარეტი] ან რაიმე სხვა?!“.
არესტოვიჩი ისევ სიგარეტის არასწორ ადგილას მოწევის ალბათობაზე ლაპარაკობდა 13 აპრილსაც, როცა გახმაურდა ინფორმაცია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანზე, სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის გაჩენის შესახებ.
13 აპრილს, ღამით, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მოსკვა“, რუსული გემი, რომელიც კუნძულ ზმეინიდან ცნობილ ადგილას გადაამისამართეს, „შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა“ რაკეტა „ნეპტუნით" სერიოზულად დააზიანეს. უკრაინა ჯერ არ უხსენებია, მაგრამ ფლაგმანის დაზიანების ცნობა დაადასტურა რუსეთმაც.
ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „მოსკვა“ მონაწილეობდა დესანტის გადმოსხმაში საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლო იყო.
სოციალურ ქსელებში უკრაინელები ხშირად სვამენ შეკითხვას, რატომ არ ბომბავს კიევი, მაგალითად, აეროდრომებს რუსეთის ტერიტორიაზე?
აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, აგილ რუსტამზადე განმარტავს, რომ - უკრაინას ამ ეტაპზე ამის შესაძლებლობა არა აქვს და არსენალში არსებული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ტოჩკა უ“ ამ მიზანს არ ეყოფა, რადგან მისი მოქმედების მანძილი მხოლოდ 110 კმ-ს შეადგენს.
ექსპერტის თქმით, უფრო შორი მანძილისთვის უკრაინელებს ესაჭიროებათ მაგალითად ამერიკული ტაქტიკური სარაკეტო სისტემა MGM-140, რომლის მოქმედების მანძილი, სხვადასხვა მოდიფიკაციით, 300-500 კმ-ს შეადგენს.
„აი, ამ იარაღით თქვენ [უკრაინელები] შეძლებთ, მათი [რუსების] აეროდრომებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას... შეძლებთ გაანადგუროთ რუსეთის ჯარიც, რომელიც უკრაინის საზღვარს მოუახლოვდება“, - განაცხადა რუსტამზადემ „UKRLIFE.TV“-სთან ინტერვიუში. ის მოელის, რომ ამერიკელები ასეთ იარაღს გადასცემენ უკრაინას.
უკრაინის ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ რუსეთს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვის და ამ პრინციპის დარღვევას ჯერჯერობით არ გეგმავს.
უკრაინელი ექსპერტები თვლიან, რომ საბრძოლო მარცხის შიშით და იმის გამო, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე ძალები არ ჰყოფნის, რუსეთი ასეთი ბრალდებებით ცდილობს საკუთარი მოქალაქეების განრისხებას, რათა ისინი ომში ჩასართავად მომართოს. თუმცა, როგორც 14 აპრილს, იუტუბზე, თავის გადაცემაში თქვა რუსმა ოპოზიციონერმა, ლიუბოვ სობოლმა, რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ასეთი სურვილი არ ჩანს და მეტიც - ახალგაზრდა კაცები მასობრივად ტოვებენ რუსეთს, სწორედ ომისთვის თავის არიდების მიზნით.