"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე გამოკითხულისთვის მისაღებია, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდეს. კვლევაში, რომელიც დღეს, 20 აპრილს გამოქვეყნდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის განწყობებია ასახული.
კვლევაში მოყვანილია რამდენიმე გამოკითხული მოქალაქის ციტატაც:
- “[მთავრობა ] უფრო იზღვევს თავს, არ მგონია ჩვენც რამე სანქციების დაკისრება შეგვეძლოს და ესეთი ძლიერი სახელმწიფო ვიყოთ და ამიტომ იზღვევენ თავს საფრთხისგან”, - ზუგდიდი, ქალი, 27 წლის;
- “თუ დღეს ჩვენ შევუერთდებოდით დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნას, დაბლა, რადგან მოგეხსენებათ, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული, რაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, ვინაიდან თავის დროზე ვერ გათვალეს მოსალოდნელი რისკები”, - ბათუმი, ქალი, 28 წლის.
ამავე კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და უფროსი ასაკის მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს მთავრობის გადაწყვეტილებას, საქართველო არ შეუერთდეს სანქციებს.
NDI-ის კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა, უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ. შედეგების მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ "რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას მეტი მოქალაქე უჭერს მხარს".
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. მეორე დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", საქართველო არ შეუერთდებოდა დაწესებულ სანქციებს.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის ორივე კვლევა - უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ - შემთხვევითი შერჩევით, სატელეფონო გამოკითხვის გზით ჩაატარა.
პირველი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 3-15 თებერვალს (2036 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,8 პროცენტი, მეორე კვლევა კი - 9-20 მარტის პერიოდში (2024 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,6 პროცენტი.