Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინაში


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონზე.

"ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაშია ჩართული", - ამბობს ზელენსკი ტელეგრამით 18 აპრილს.

მანამდე უკრაინის არმიის მესვეურები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, ახალი შეტევა დაიწყო აღმოსავლეთით, მას შემდეგ, რაც სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში.

უკრაინის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ აღრიცხა "შეტევის დაწყების ნიშნები ოპერაციათა აღმოსავლეთ ფლანგზე" და, როგორც ჩანს, შეტევები კონცენტრირებულია ხარკოვის და დონეცკის რეგიონებში.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი 18 აპრილს დილით შეეცადა დაეწყო "აქტიური ფაზა". მისი თქმით, რუსეთის ძალები შეეცადნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

შეტევის შესახებ იუწყება სერგეი ჰაიდაიც, ლუგანსკის გუბერნატორი.

"ცოტა ხნის წინ დავკარგეთ კონტროლი ქალაქ კრემინაზე. ბრძოლა ქუჩებში მიმდინარეობს... ვითარება ყოველ საათში უარესდება", - ამბობს ის და დასძენს, რომ მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამით აცხადებდა, რომ მისი ძალები ცეცხლს უხსნიდნენ 100-ზე მეტ სამიზნეს ადგილებში, სადაც კონცენტრირებულია უკრაინის სამხედრო შეიარაღება და ჯარისკაცები. სამინისტროს თქმით, რუსეთის არმიამ გაანადგურა უკრაინის რვა ტანკი და სხვა დაჯავშნილი მანქანები, ჩამოაგდო სამი თვითმფრინავი და გაანადგურა იარაღის ოთხი დეპო. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, რუსეთი მთელი უკრაინის მასშტაბით სულ უფრო ხშირად უტევს იარაღის ქარხნებს, რკინიგზას და სხვა ინფრასტრუქტურას, რათა დაასუსტოს უკრაინის შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს მასშტაბურ სახმელეთო იერიშს ქვეყნის აღმოსავლეთში.

XS
SM
MD
LG