Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი კრემლს მოუწოდებს, უარი თქვას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი რამაზან კადიროვი რუს პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ არ დაიწყონ მოლაპარაკება უკრაინასთან, ამის ნაცვლად "უნდა განადგურდეს ყველა ბანდერლოგი" და შემდეგ ჩატარდეს ისეთი რეფერენდუმი, "როგორიც ჩვენთან რესპუბლიკაში".

"ჩვენო პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო, ბატონო მომლაპარაკებლებო, ნუ საუბრობთ მოლაპარაკებაზე. მოლაპარაკება შეიძლება ვინმესთან აწარმოო, იქ (უკრაინაში) კი არავისთან შეიძლება მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ, მეომრები, წინააღმდეგი ვართ მოლაპარაკების", - აცხადებს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი "ტელეგრამის" არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.


კადიროვი მოუწოდებს , რომ "ძირფესვიანად გაანადგურონ ბანდეროველები, რომლებიც საკუთარ თავს მუსულმანებს უწოდებენ" და ამის შემდეგ კადიროვის აზრით, რუსეთმა უნდა ჩამოაყალიბოს უკრაინაში "ხელისუფლების შტო, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში და ჰკითხოს ხალხს, თუ როგორ სურთ იცხოვრონ მომავალში".

მანამდე რამზან კადიროვმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ არ მიიჩნევს მოღალატეებად და "მეხუთე კოლონად" იმ ადამიანებს, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ დატოვეს რუსეთი.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი ასევე საჭიროდ მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენებას. "ჩემთვის რომ ეკითხათ, მე ჯერ გავწმენდდი ლუგანსკს, დონეცკს და შემდეგ გავაგრძელებდი მუშაობას. განვაცხადებდი, რომ ტაქტიკური ბირთვული დარტყმა განხორციელდებოდა გარკვეულ წერტილებში, თუ უკრაინაში ერთი დაქირავებული მაინც დარჩებოდა, რომ ხუმრობა არავინ გაბედოს", - განაცხადა კადიროვმა.

"კავკაზ.რეალიიმ" დაადგინა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში გამოჩნდნენ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ხმაურიან პოლიტიკურ მკვლელობებში იყვნენ დადანაშაულებული - კერძოდ, რუსლან გერემეევი, რომელიც ეჭვმიტანილია ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, მკვლელობაში; ასევე უსმან მამადიევი, რომელიც ჩეჩენი ბლოგერის, იმრან ალიევის, სავარაუდო მკვლელად არის მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნები უკრაინაში ორივე მხარეს იბრძვიან. უკრაინას იცავენ ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები და როგორც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახური აღნიშნავს, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი მოხალისეთა რაზმის ფორმირება, რომელიც მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას დაექვემდებარება.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციების გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, რომლის მოცულობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

XS
SM
MD
LG