Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს


ბულგარეთის პორტო ვარნა.
ბულგარეთის პორტო ვარნა.

17 აპრილიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ. საზღვაო ბლოკადას ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი შეუერთდნენ. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის.

საქმე ეხება ევროკავშირის მიერ ადრე დამტკიცებული სანქციების ერთ-ერთ ზომას, რომლის თანახმად, შეზღუდვები დაუწესდათ გემებსაც, რომლებმაც რუსული დროშა სხვა ქვეყნის დროშებით 24 თებერვლის, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ შეცვალეს.

ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა განაცხადა, რომ მთელი ევროპა ცვლის თავის ეკონომიკურ საქმიანობას და სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდება რუსეთისგან.

"კრემლი არ აჩვენებს აგრესიის შეჩერების ნიშნებს, ამიტომ ევროპა თანდათან ეძებს სტრატეგიულ გზებს, რათა რუსეთისთვის ომის ფასი იმდენად მაღალი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის გაგრძელების პერსპექტივა გაქრეს", - აღნიშნა აასმა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს გამონაკლის შემთხვევებში შეეძლებათ ესტონეთის პორტებში შესვლა, პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ნებართვით, რაც წინასწარ განსაზღვრავს დახმარების საჭიროებას.

ბულგარეთის ხელისუფლებამ ასევე შემოიღო აკრძალვა რუსული გემებისთვის საზღვაო და მდინარის პორტებში შესვლის შესახებ.

"ბულგარეთის საზღვაო და მდინარის პორტებზე წვდომა აკრძალულია რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ რეგისტრირებული ყველა გემისთვის", - ნათქვამია რესპუბლიკის საზღვაო ადმინისტრაციის პორტალზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის ქვეყნები თავიანთ პორტებს ხურავენ უკრაინის სამხედრო შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის შესაბამისად. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ადრე განაცხადა, გემებზე შეზღუდვები რუსეთის ინდუსტრიაზე უარყოფითად უნდა აისახოს. ბევრმა მსოფლიო ბრენდმა უკვე დატოვა რუსეთის ფედერაცია.

XS
SM
MD
LG