Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში საბოლოო მიზანი არ შეუცვლია


თავისუფლების მოედანი ხარკოვში. 2022 წლის 11 აპრილი.
თავისუფლების მოედანი ხარკოვში. 2022 წლის 11 აპრილი.

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს არ შეუცვლია საბოლოო მიზანი უკრაინასთან მიმართებაში და საკუთარი რეგიონული უპირატესობის მიღწევით ცდილობს აიძულოს კიევი უარი თქვას ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს ოპერატიული ყურადღება უკრაინის აღმოსავლეთით აქვს გადატანილი.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, რუსეთის ჯარები აგრძელებენ საბრძოლო და დამხმარე აღჭურვილობის გადაჯგუფებას უკრაინის აღმოსავლეთით, მათ შორის ხარკოვისა და სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე.

რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინის პოზიციების დაბომბვას ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი შეტევითი საქმიანობის განახლებას გეგმავს,

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს სამხედრო ნაწილების გადაადგილებას უკრაინის ტერიტორიაზე კურსკის, ბრიანსკისა და ვორონეჟის რეგიონებიდან.
აპრილის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა მთლიანად დატოვეს უკრაინის ჩრდილოეთით სამი რეგიონი - კიევი, ჩერნიგოვი და სუმი.

  • 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და წამოიწყო მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, როგორც საერთო საზღვრის მთელ სიგრძეზე, ისე ქვეყნის შიგნით. მოსკოვმა ბელარუსის ტერიტორია გამოიყენა კიევის რეგიონში შეჭრისა და დედაქალაქის ხელში ჩაგდების მიზნით. სამხრეთით რუსეთის არმიამ დაიკავა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთით – სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონები.
  • აპრილის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა მთლიანად დატოვეს უკრაინის ჩრდილოეთით სამი რეგიონი - კიევი, ჩერნიგოვი და სუმი.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას "სპეცოპერაციას" უწოდებს". თავიდან მისი მიზანი განისაზღვრა, როგორც" დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია", მოგვიანებით კი – "დონბასის დაცვა".
  • რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არმია არ ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს. ამავე დროს, რუსული ავიაცია, სარაკეტო ჯარები, საზღვაო ძალები და არტილერია ყოველდღე ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები მარიუპოლში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, ჟიტომირში, სევეროდონეცკში, ასევე კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და სოფლებში.
  • უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების შეფასებით, აპრილისთვის რუსეთის დანაკარგები ომში 15-20 ათას დაღუპულ ჯარისკაცს აღწევს. კრემლი ამ მაჩვენებელს ათჯერ მცირეს უწოდებს, თუმცა პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, აღიარა, რომ რუსეთისათვის მიყენებული ზარალი "მნიშვნელოვანია."
  • კიევის რეგიონის რუსული ჯარებისგან გათავისუფლების შემდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების მასობრივი მკვლელობების, წამებისა და გაუპატიურების ფაქტები გამოვლინდა რეგიონის ქალაქებში - ბუჩაში, ირპენში, გოსტომელსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთი გენოციდს სჩადის. მასობრივი მკვლელობების ფაქტების დადასტურებაში დასავლეთის ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. რუსეთის ფედერაცია გამორიცხავს ომის დანაშაულების ბრალდებას და ბუჩაში მომხდარ მკვლელობებს "დადგმულს" უწოდებს.
  • 10 აპრილის მონაცემებით, გაეროს თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად სულ მცირე 1,793 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 2,439 - დაიჭრა.
XS
SM
MD
LG