Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას მეტი თავდასხმით ემუქრება


უკრაინის დროშა და დაბომბილი შენობები მარიუპოლში. 2022 წლის 14 აპრილი
უკრაინის დროშა და დაბომბილი შენობები მარიუპოლში. 2022 წლის 14 აპრილი

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის 51-ე დღეს კიევისა და კიევის ოლქის მცხოვრებლებმა კვლავ გაიგონეს აფეთქების ხმა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, წუხელ შუაღამით რუსეთის არმიის მხრიდან ნასროლი რაკეტების ჩამოსაგდებად უკრაინის დედაქალაქის დამცველებმა ანტისარაკეტო სისტემა აამოქმედეს. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას სარაკეტო იერიშის შედეგებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსეთის სამხედრო უწყება კი ამტკიცებს, რომ საზღვაო ბაზირების დიდი სიზუსტის „კალიბრის“ რაკეტებით განადგურდა ჟულიანის მანქანათმშენებლობის ქარხანა „ვიზორის“ ის საამქროები, რომელშიც უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების რემონტი და გამოშვება ხდებოდა.

„რუსეთი მზად არის, თავადვე მოაწყოს ტერაქტი საკუთარ ტერიტორიაზე“

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რუსეთი კიევში და კიევის მახლობლად სარაკეტო იერიშებისთვის კარგა ხნის წინ ემზადებოდა და ამისათვის ხელსაყრელს დროსა და საბაბს ეძებდა.

ასეთ საბაბად იქცა რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში მომხდარი პროვოკაცია, რომელშიც მოსკოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ 14 აპრილს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე, ორი სამხედრო ვერტმფრენი, რომლებიც აღჭურვილი იყო მძიმე შეტევითი შეიარაღებით, უკანონოდ შეიჭრა რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში და მინიმუმ 6 საჰაერო დარტყმა განახორციელა საცხოვრებელ სახლებზე ბრიანსკის ოლქის დაბა კლიმოვზე.

საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, დაშავდა შვიდი ადამიანი, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უმსხვერპლოდ დასრულდა, რუსეთის ვერსიით, ასევე უკრაინის მხრიდან ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით გახსნილი ცეცხლი.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სპიკერი, გენერალი იგორ კონაშენკოვი დაიმუქრა, რომ თუ უკრაინის მხარე არ შეწყვეტს დივერსიებსა და თავდასხმებს, „მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის - კიევში“.

უკრაინის მხარე მუქარას მშვიდად შეხვდა. ბრალდების პასუხად კი უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავად დაბომბა საკუთარი ტერიტორია, რათა შემდგომ ეს უკრაინისთვის დაებრალებინა.

ამ განცხადების საბუთად უკრაინის უშიშროების სამინისტრომ გაასაჯაროვა სატელეფონო საუბარი, რომელშიც ერთ-ერთი რუსი სამხედრო ცოლს თავისი მეთაურისგან მიღებულ ცნობაზე უყვება და ამბობს, რომ ეს თავად რუსებმა „დასცხეს“ თავისიანებს. ცოლის შეკითხვაზე, თუ რატომ აკეთებენ ამას, სავარაუდოდ დონეცკის ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედრო უპასუხებს:

„ასეა საჭირო. ასე იქცევიან იმიტომ, რომ „ხახოლების“ (ასე უწოდებენ რუსეთში დაცინვით უკრაინელებს - რედ.) პროვოცირება მოხდეს“, - ეუბნება ქმარი და დასძენს, რომ ასეთივე ამბები ხდებოდა ჩეჩნეთში, ასევე აფეთქებდნენ ბინებს მოსკოვში ეფ-ეს-ბეს აგენტები და შემდეგ ყველაფერს ტერორისტებს აბრალებდნენ.

ბრიანსკის შემთხვევიდან გამომდინარე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი განმარტავდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ხელი მიჰყვეს საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების გეგმას, რათა კიდევ უფრო გააღვივონ ანტიუკრაინული ისტერია და ხელ-ფეხი გაეხსნათ ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

„კიევში მდებარე ობიექტებზე სარაკეტო იერიშების რაოდენობა და მასშტაბები გაიზრდება კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ ნებისმიერი ტერორისტული აქტისა თუ რუსეთის ტერიტორიაზე მოწყობილი დივერსიული აქტის პასუხად“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 აპრილს კიევის მახლობლად ჟულიანის მანქანათმშენებელ ქარხანაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

სერიოზული დარტყმა რუსეთის ფლოტისთვის

სააგენტო Reuters-ის თანახმად, კიევთან წუხანდელი აფეთქებები ყველაზე მძლავრი აღმოჩნდა მთელი 51-დღიანი ომის განმავლობაში. სერიოზულად დაზიანდა ქარხანა „ვიზარის“ ადმინისტრაციული შენობა და საამქრო, სადაც უკრაინის არმიისათვის განკუთვნილი ანტისარაკეტო საშუალებებისა და რაკეტების გარდა, ასევე მზადდებოდა „ნეპტუნის“ კლასის რაკეტა, რომელმაც, უკრაინის ვერსიით, რუსეთის სამხედრო ფლოტის ფლაგმანი გემი „მოსკვა“ გაანადგურა.

ეს ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან დაადასტურა სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტმა.

რუსეთი აქამდე არ ადასტურებს ცნობას, რომ „მოსკვა“ გარედან საცეცხლე ზემოქმედების შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან, ისევე როგორც ბოლომდე უარყოფდა ფლაგმანი ხომალდის ჩაძირვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

მაგრამ როდესაც ინფორმაციის დამალვა შეუძლებელი იყო, მოსკოვმა შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას ასეთი ფორმულირება მისცა. რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, „მოსკვა“ ზღვის ფსკერისკენ წავიდა მას შემდეგ, რაც ხანძრითა და საბრძოლო მასალის დეტონაციით დაზიანებული ხომალდის კორპუსმა ვერ გაუძლო ბუქსირით დანიშნულების ადგილისკენ გადაყვანას.

ხომალდი, რომელსაც შეიარაღებაში აქვს „ვულკანის“ ტიპის 16 ფრთოსანი რაკეტა, უკრაინაში ომის დაწყების დასაწყისშივე იყო აქტიური და მონაწილეობას იღებდა კუნძულ ზმეინის დაკავებაში, როცა „მოსკვამ“ თავის მოწოდებაზე, დანებებულიყვნენ, უკრაინელი მესაზღვრეებისგან მიიღო შემდეგ უკვე რუსი ოკუპანტების მიმართ ლოზუნგად ქცეული „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ მოგვიანებით, რუსმა სამხედროებმა კუნძულზე შეტევა განახორციელეს და ზმეინის დამცველი უკრაინელი მესაზღვრეები დაატყვევეს.

2021 წლის აპრილში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფილმა შტაბის უფროსმა, თადარიგის ადმირალმა ვიქტორ კრავჩენკომ კრეისერ „მოსკვას“ შავ ზღვაში იმხანად მყოფი ყველაზე „სერიოზული ხომალდი“ უწოდა.

ამერიკელი ექსპერტები, რომელთა მოსაზრებასაც ტელეკომპანია CNN-ი ეყრდნობა, აღნიშნავენ, რომ კრეისერის დაკარგვა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ფლოტს და ეროვნულ სიამაყეს. მათი თქმით, ასეთი ფლაგმანი კრეისერის ჩაძირვა რუსეთისთვის იგივეა, რაც დღევანდელ პირობებში აშშ-ისთვის რომელიმე ავიამზიდის დაკარგვა იქნებოდა.

„მოსკვას“ ჩაძირვა რუსეთისათვის ნამდვილად არის უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი წარუმატებლობის მორიგი ისტორია, რაც კიდევ უფრო ზრდის კრემლის მხრიდან არა მხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული შეიარაღების გამოყენების ალბათობას.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი, მიიჩნევს, რომ არ შეიძლება არასერიოზულად მოეკიდონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს, „პრეზიდენტ პუტინის შესაძლო სასოწარკვეთის“ გათვალისწინებით, თუ ის ვერ შეძლებს ამ ომში გამარჯვების მიღწევას. ამის შესახებ უილიამ ბერნსმა ხუთშაბათს განაცხადა, ჯორჯიის შტატში მდებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 22 მარტს CNN-თან საუბარში არ გამორიცხა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა ამ იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა „ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის“ არსებობის შემთხვევაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG