Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრეისერი "მოსკვა" ჩაიძირა


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა. მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძრითა და საბრძოლო მასალის დეტონაციით დაზიანებული ხომალდის კორპუსმა ვერ გაუძლო ბუქსირით დანიშნულების ადგილისკენ გადაყვანას.

მანამდე უკრაინის მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვას“ უკრაინის „ნეპტუნის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.

ხომალდი, რომელსაც შეიარაღებაში აქვს „ვულკანის“ ტიპის 16 ფრთოსანი რაკეტა, უკრაინაში ომის დაწყების დასაწყისშივე იყო აქტიური და მონაწილეობას იღებდა კუნძულ ზმეინის დაკავებაში, როცა „მოსკვამ“ თავის მოწოდებაზე, დანებებულიყვნენ, უკრაინელი მესაზღვრეებისგან მიიღო შემდეგ უკვე რუსი ოკუპანტების მიმართ ლოზუნგად ქცეული „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“ მოგვიანებით, რუსმა სამხედროებმა კუნძულზე შეტევა განახორციელეს და ზმეინის დამცველი უკრაინელი მესაზღვრეები დაატყვევეს.

14 აპრილს ფლაგმანი ხომალდის ძლიერ დაზიანებასა და თვით ჩაძირვაზე იტყობინებოდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი.

ამის პასუხად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა გემის ბორტზე ტყვია-წამლის აფეთქების შესახებ, რამაც ხანძარი გამოიწვია რუსეთის ფლოტის სიდიდით მესამე ხომალდზე.

მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ ეკიპაჟი, რომლის სრული რაოდენობა 500-ს აღემატება, ევაკუირებულია სხვა გემებზე, ხოლო გემს ჩაძირვა არ ემუქრებოდა.

სავარაუდოდ, ხომალდზე არის მსხვერპლი - თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ნახავთ, აფეთქება მართლაც ძლიერი იყო.

რუსეთს ხომალდის მეზღვაურთა შორის მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG