Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: პირადად განვაგრძობ ჩართულობას ევროკავშირთან დაახლოების გზაზე


საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან. 2022 წლის 11 აპრილი.
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან. 2022 წლის 11 აპრილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პირადად გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩართულობას. მის ციტატას ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრიდან მისი პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

"როგორც აქამდე, პირადად განვაგრძობ აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე... ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპულ და არა ომის პერსპექტივას ვთავაზობთ", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, ასოცირებულ ტრიოსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მათ შორის, ეროვნული თანხმობის პროცესს.

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ არჩევანს და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადაეცემა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - წერია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლუკას მანდლი; ქვეკომიტეტის წევრები იუაზა ოლეკასი და ელენა იონჩევა, ასევე ევროპული პარლამენტის წევრი ლარს პატრიკ ბერგი.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

XS
SM
MD
LG