დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა უკრაინაში ომის მიმდინარეობის მორიგი ანალიზი, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქში ფოსფორიანი საბრძოლო მასალების გამოყენება ზრდის იმის ალბათობას, რომ ამას გააკეთებენ მარიუპოლშიც, ქალაქისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, როდის გამოიყენა რუსულმა არმიამ ე.წ. „ფოსფორის ბომბები“ დონეცკის ოლქში. უკრაინულმა მხარემ რუსების მიერ ამ ტიპის საბრძოლო მასალების გამოყენების შესახებ მარტში განაცხადა.
ფოსფორიანი საბრძოლო მასალების გამოყენება მკაცრად შეზღუდულია სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის ჟენევის კონვენციით.