აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონს ვერაფერი შეუშლის ხელს, უკრაინას გაუგზავნოს ის იარაღი, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში სჭირდება.
7 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ჟურნალისტებთან საუბრისას ბლინკენმა თქვა, რომ აშშ განიხილავს, რა დამატებითი ტიპის იარაღის გაგზავნა შეუძლია უკრაინისთვის. მისი თქმით, უკრაინის გვერდით დგომის ნება ახლა ყველაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა უკრაინასთან რეალურ დიპლომატიაში ჩართვაო.
ბლინკენის თქმით, ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების დახოცვის შესახებ ცნობები სამშვიდობო მოლაპარაკებებში ძლიერი ფაქტორი არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, რუსეთის ძალები უკრაინის ნაწილებში კვლავ სჩადიან სისასტიკეს:
"არის კიდევ ბევრი ქალაქი, რომლებიც რუსეთს ოკუპირებული აქვს ... ადგილები, სადაც, უნდა დავუშვათ, რომ რუსეთის ჯარისკაცები ახლაც სჩადიან მეტ სისასტიკეს", - თქვა ბლინკენმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 7 აპრილს ნატოს მოუწოდა, მეტი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, იმ მოლოდინის ფონზე, რომ რუსეთი თავისი ძალების გადაჯგუფებას ახორციელებს, სამხრეთაღმოსავლეთ უკრაინაში ძლიერი შეტევის დაწყებამდე.