Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ რუსეთისადმი დამატებითი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ


რუსეთს სამხედროების მიერ დატოვებულ უკრაინულ ქალაქებში ნანახის შემდეგ, ევროკავშირი და აშშ რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის განცხადებით, აშშ რუსეთში ინვესტიციების აკრძალვას, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, ასევე კრემლის ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილებისთვის დამატებითი სანქციების შემოღებას აპირებს.

"ბიბისი" წერს, რომ 6 აპრილს ევროკავშირის ელჩები ასევე განიხილავენ სანქციების მეხუთე პაკეტს, რაც რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალავს და რუსული გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

„გარდიანს“ თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის სიტყვები მოჰყავს, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სანქციების მიზანს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის რესურსების ამოწურვა იმგვარად, რომ მოსკოვი დადგეს ორი არჩევანის წინაშე - ბოლომდე გამოიყენოს თავისი დოლარში არსებული რეზერვები და მივიდეს დეფოლტამდე.

„რუსეთს არ აქვს შეუზღუდავი რესურსები, განსაკუთრებით ახლა, ჩვენ მიერ დაწესებული გამანადგურებელი სანქციების გათვალისწინებით. ჩვენი მიზნის ყველაზე დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ [ვლადიმირ] პუტინს ამოეწუროს რესურსები უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად... გრძელვადიან პერსპექტივაში მისთვის ომის წარმოება სულ უფრო რთული იქნება“, - ამბობს საკი.

უკრაინის კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში ნახეს დახოცილი მოქალაქეების გვამები, მათ შორის ზურგს უკან შეკრული ხელებით.

ეს მოხდა რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ, რომელიც ქალაქს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკონტროლებდა.

უკრაინა რუსეთს ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში სდებს ბრალს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

XS
SM
MD
LG