Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არის ილია დარჩიაშვილი, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი


ილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანის ადგილი ილია დარჩიაშვილმა დაიკავა.

მინისტრობამდე, 41 წლის დარჩიაშვილი, 2021 წლიდან იკავებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას.

განათლება და სამუშაო გამოცდილება

მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემების თანახმად, ილია დარჩიაშვილის განათლება და საქმიანობა დიდწილად საბანკო-საფინანსო მიმართულებით შემოიფარგლება.

მისივე CV-ის მიხედვით, დარჩიაშვილს მიღებული აქვს ეკონომიკის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ასევე, ის არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში, საფრანგეთში.

მისი სამუშაო გამოცდილება 2003 წლიდან იწყება "ბანკ რესპუბლიკაში", ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრის პოზიციაზე. 2012 წლამდე ამავე ბანკში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე.

2012 წელს ილია დარჩიაშვილის CV-ში ჩნდება დიპლომატიური საქმიანობა, როცა მან მუშაობა დაიწყო პოლონეთში საქართველოს საელჩოში.

ორი წლის შემდეგ, დარჩიაშვილი ბრუნდება საქართველოში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილედ. ერთ წელში ის იკავებს ფონდის დირექტორის პოზიციას.

2015 წელს ის დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილედ.

პოლონეთის საელჩოში დაწყებული ორწლიანი დიპლომატიური კარიერა ილია დარჩიაშვილმა ოთხი წლის შემდეგ განაგრძო საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე.

2017 წლიდან 2021 წლამდე ის იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

2022 წელს კი, ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა დავით ზალკალიანი.

ახალი მინისტრი რუსეთის ომზე უკრაინაში

ილია დარჩიაშვილის, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რიტორიკა, ემთხვევა პრემიერ ღარიბაშვილისა და მთავრობის სხვა ლიდერების რიტორიკას.

პირველი მარტის ვიდეომიმართვაში დარჩიაშვილი „გაუგებარს“ უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას. მისივე მტკიცებით, „დესტრუქციულ ოპოზიცია თბილისსა და კიევში“ ცდილობს „საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას“.

„სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან, როგორც თბილისში, ისე კიევში“.

დარჩიაშვილის აზრით, თბილისიდან მოხალისეების წასვლის მცდელობა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული და „იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა“.

XS
SM
MD
LG