აშშ-ის მოქალაქემ, ტრევორ რიდმა, რომელიც რუსეთში 9-წლიან სასჯელს იხდის პოლიციელზე თავდასხმისთვის, შიმშილობა გამოაცხადა პროტესტის ნიშნად, რომ სამარტოო საკანში იმყოფება და არ იღებს სათანადო სამედიცინო დახმარებას. რიდი ფიქრობს, რომ მას ტუბერკულოზი აქვს. ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელეს მისმა მშობლებმა, რომლებმაც ადვოკატის ნაამბობი მოიხმეს. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, შარშან დეკემბერში რიდი იმყოფებოდა უშუალო კონტაქტში პატიმართან, რომელსაც ჭლექი სჭირდა აქტიურ სტადიაში. როცა რიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მას ტუბერკულოზზე შემოწმება არ ჩაუტარეს.
ადგილობრივ საავადმყოფოში ათდღიანი ყოფნის დროს მას არ მიუღია „არსებითი სამედიცინო დახმარება რენტგენის გარდა, რაც არასწორად იყო გაკეთებული“, - ამტკიცებენ პატიმრის მშობლები. ამის შემდეგ ის დააბრუნეს სამარტოო საკანში. რიდის ადვოკატმა დაადასტურა, რომ მისმა კლიენტმა შიმშილობა დაიწყო. რიდმა ერთხელ უკვე გამოაცხადა შიმშილობა 2021 წელს, მაგრამ შეწყვიტა, რადგან მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. 2020 წლის ივლისში რუსეთის სასამართლომ ტრევორ რიდს მიუსაჯა 9-წლიანი პატიმრობა კოლონიაში მოხდით. მას პოლიციელზე თავდასხმა დასდეს ბრალად და მორდოვეთში წაიყვანეს.
მანამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო ამერიკის მოქალაქის აპელაცია განაჩენის შესახებ.
აშშ-ის მთავრობა და ტრევორ რიდი ბრალდებას უარყოფენ და პროცესის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებენ. რიდი და მისი ოჯახი თვლიან, რომ პროცესს პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ გაკეთა მინიშნება, რომ გაცვალონ რიდი და რუსეთში საპატიმროში მყოფი სხვა ამერიკელი, პოლ უილანი, აშშ-ში გასამართლებულ რუსებზე. ეს საკითხი შარშან ივნისში განიხილეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა მათი შეხვედრისას ჟენევაში.