Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ


რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში ჩატარდება რეფერენდუმი, - ამის შესახებ სააგენტო „რესს“ განუცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ტადტაევმა.

„ამჟამად მუშავდება საკითხი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. კიდევ ერთხელ გამოხატავს საკუთარ ნებას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციას, ამისთვის არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს. დღეს მთავარია რეფერენდუმის ჩატარება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა“, - განაცხადა ტადტაევმა სააგენტო „რესისთვის“ მიცემულ კომენტარში. მას არ დაუკონკრეტებია, როდის ჩატარდება ე.წ რეფერენდუმი.

10 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო ბიულეტენების ბეჭდვა, თუმცა ე.წ სარეფერენდუმო საკითხის ბიულეტენები ჯერ არ იბეჭდება. „სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან რუსეთის ფედერაციაში, ეს ოსების ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებლების ასეთ მისწრაფებას“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ სააგენტო TASS-თან კომენტარში.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ ოსეთი ამ საკითხს აყენებს, რეფერენდუმი არაერთხელ ჩატარდა, ეს არის მათი ისტორიული ბედისწერა, ალბათ, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება ეროვნული ოცნებაა და ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ მხარს ვუჭრეთ ძმური სამხრეთ ოსეთის ამგვარ მისწრაფებებს“, - განაცხადა შამბამ.

რაც შეეხება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, შამბას თქმით, ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს.

„პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და არ არსებობს ასეთი განწყობები საზოგადოებაში რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების შესახებ. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის რამდენიმე თაობის, ჩვენი ხალხის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. მე არ ვიცი აფხაზეთში ისეთ პოლიტიკურ ძალები, პარტიები თუ საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც დამოუკიდებლობაზე უარს იტყვიან. ასეთი პოლიტიკური ძალები არ არსებობს", - განაცხადა სერგეი შამბამ.

მანამდე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმება სამართლებრივი ნაბიჯები, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად.

მისი თქმით, რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს. გარდა ამისა, ოსური მედიით ვრცელდება ანატოლი ბიბილოვის მიმართვა, რომელშიც დე ფაქტო პრეზიდენტი ე.წ. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. „მიმაჩნია, რომ რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ჩვენი გზაა“, - განაცხადა ბიბილოვმა (ციტატა „ერთიანი რუსეთის“ ვებგვერდიდან), რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთი ამ გზაზე იმოძრავებს. „უახლოეს მომავალში ჩვენ გადავდგამთ შესაბამის იურიდიულ ნაბიჯებს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი“, - აღნიშნა მან.

ბიბილოვმა გაიხსენა, რომ 2014 წელს, როცა ყირიმი „რუსეთის ნაწილი" გახდა, სამხრეთ ოსეთს რუსეთთან გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონდა. „მაშინ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს. მას სურვილი აქვს, რომ მეორე ვადით დაიკავოს ეს თანამდებობა. ამჟამინდელი კამპანია 5 წლის წინანდელი კამპანიისგან არაფრით განსხვავდება. მაშინაც ბიბილოვის მთავარი მესიჯი, რუსეთის ფედერაციის ფარგლებში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ერთ რესპუბლიკად გაერთიანება იყო, თუმცა მისი ეს დანაპირები 5 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა და ახლაც იმავე მესიჯებით გამოდის.

ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცირეა იმ სამოქალაქო აქტივისტების რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან გაერთიანებას მხარს არ უჭერენ. მათი იდეაა ყველასგან დამოუკიდებელი ოსეთის რესპუბლიკის შექმნა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, კრემლმა 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარების შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში განათავსა მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა, სადაც რუსეთიდან ჩაყვანილი ჯარისკაცების გარდა, ადგილობრივი ჯარის პირადი შემადგენლობაც შეიყვანეს. ახლა ამ ბაზის შემადგენლობის ნაწილი, მათ შორის ცხინვალელი ახალგაზრდები, რუსეთის მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის და დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გადაწვეს და გაანადგურეს ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე დევნილად იქცა. მას შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ კრემლს მიერთების თხოვნით არაერთხელ მიმართა, თუმცა ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიისგან რუსეთი ჯერჯერობით თავს იკავებს.

XS
SM
MD
LG