შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან საზღვაო ნაღმია აღმოჩენილი. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნაღმი ნაპოვნია ბულგარეთის საზღვრის მახლობლად, თურქეთის ქალაქ იგნეადასთან.
ნაღმის გაუვნებლების მიზნით გაიგზავნა თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების ჯგუფი.
თურქეთში, შავი ზღვის აკვატორიაში ნაღმი 26 მარტსაც აღმოაჩინეს. ნაღმის გაუვნებლებამდე ბოსფორის სრუტე ნაოსნობისთვის დაკეტილი იყო.
26 მარტს სააგენტო „ანადოლუ“ წერდა, რომ ჟურნალისტებმა თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარს ჰკითხეს გავრცელებულ ვერსიაზე, რომ შავ ზღვაში შესაძლოა, უკონტროლოდ დაცურავდეს უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების შესაკავებლად დადგმული ნაღმები. აკარმა მხოლოდ ის თქვა, რომ რუსული და უკრაინული მხარეები ინფორმირებულნი არიან და კოორდინაცია გრძელდება.