Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის სტატია, რომელიც ამართლებს უკრაინის განადგურებას


ადოლფ ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf) და ჯოვანი ჯენტილეს (იტალიური ფაშიზმის ფილოსოფოსის) ნაწერები არსებითი წყაროა მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის გააზრებისათვის. ვლადიმირ პუტინის სტატია „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ“, რომელიც გასული წლის ივლისში გამოქვეყნდა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 21-ე საუკუნის გააზრებაში. უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულები პირდაპირ კავშირშია პუტინის მიერ ამ სტატიაში ჩამოყალიბებულ თეზისებთან. აქედან გამომდინარე, რამდენადაც აბსურდული შეიძლება მკითხველს მოეჩვენოს, აუცილებელია პუტინის ყალბი დებულებების სააშკარაოზე გამოტანა.

მითი დაკარგული სამოთხის შესახებ

პუტინის თქმით, „რუსებს, უკრაინელებსა და ბელორუსებს (...) აერთიანებდა ენა (...), რურიკიდების დინასტიის მთავრების ძალაუფლება (...) და მართლმადიდებლური სარწმუნოება“.

რუსებს და უკრაინელებს არასდროს აერთიანებდათ მართლმადიდებელი ეკლესია. ბიზანტიური საეკლესიო წყაროები მოწმობენ, რომ მეორე ათასწლეულის დასაწყისში (ვლადიმირ დიდის მოქცევის შემდეგ) ქრისტიანობა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა კიევის რუსეთში, სადაც, მეთერთმეტე საუკუნეში სულ 5-6 ეპისკოპოსი თუ არსებობდა (შედარებისათვის, მეოთხე საუკუნის დასაწყისისთვის - კონსტანტინე დიდის მოქცევამდე - მარტო რომაული ეგვიპტის ტერიტორიაზე სულ ცოტა 100 ეპისკოპოსი მოღვაწეობდა). და შემდგომი საუკუნეების განმავლობაში, სულიერი ძიება, კიევის რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად ხალხებს ერთმანეთისგან აცალკევებდა, ვიდრე აერთიანებდა.

კიევის რუსეთის მოსახლეობაც არ იყო გაერთიანებული რიურიკიდების დინასტიის მიერ: ამ ტერიტორიის მონღოლთა მიერ დაპყრობამდე (1223-1240 წწ), რიურიკიდები, სხვა ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების მეთაურებთან ერთად (რომლებსაც რატომღაც ჩვენ მთავრებად მოვიხსენიებთ), ერთმანეთს ებრძოდნენ ამ ტერიტორიის კონტროლისათვის. მონღოლების უღლის ქვეშ კი, მთელი სამი საუკუნის განმავლობაში, ეს მთავრები ხანის ვასალები გახდებიან და მათ აღზევებას დიდწილად ხანისთვის გადახდილი ხარკის რაოდენობა განაპირობებდა. მონღოლთა ურდოს პერიოდში მთავრებს შორის ტრადიციულ ძმათამკვლელ ომს დაემატება დაპირისპირება „კოლაბორაციონისტსა" და „დამოუკიდებლობისთვის“ მებრძოლ მთავრებს შორის. მაგალითად, ალექსანდრე ნეველი, პუტინის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ისტორიული ფიგურა, მონღოლთა ჯარების დახმარებით გაანადგურებს საკუთარ ძმა ანდრეის, რომელიც ურდოს უღელს ებრძოდა.

რაც შეეხება ენას, როგორც ხალხების გამაერთიანებელ ფაქტორს, ესეც პუტინის ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილეში კიევის რუსეთის ტერიტორიაზე ლიტურგიის ენაც კი არ იყო საერთო: თუ მთავრების კარის ეკლესიებში ბერძნულს იყენებდნენ, საეკლესიო სლავური „მდაბიოთა“ ლიტურგიულ ენას წარმოადგენდა. მე-16 საუკუნეში კი უკრაინის მართლმადიდებელი სამღვდელოება ლიტურგიისათვის პოლონურ ენას აირჩევს. პოლონური ალტერნატივა არ იყო რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულების ნაყოფი (როგორც ეს პუტინს სჯერა), არამედ წარმოადგენდა პრაქტიკულ არჩევანს რომაულ ეკლესიასთან პაექრობის პირობებში. რაც შეეხება უკრაინელ გლეხს, ის მე-19 საუკუნეშიც კი არ იყო რუსიფიცირებული და აგრძელებდა უკრაინულად ლაპარაკს.

პროექტი „ანტირუსეთი“

ამ აბდაუბდა „ეთნოლოგიური“ კვლევის შემდეგ, პუტინი ავითარებს შეთქმულების თეორიას: „ნაბიჯ-ნაბიჯ, უკრაინა ჩათრეულ იქნა სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშში, რომლის მიზანიც უკრაინის ევროპასა და რუსეთს შორის ბარიერად, რუსეთის წინააღმდეგ ძალად გადაქცევა იყო. ‘უკრაინა არაა რუსეთი’ - აღარ იკმარეს. მათ დასჭირდათ პროექტი სახელად ანტირუსეთი, რასაც ჩვენ არასდროს დავჯერდებით“.

BBC-ის ცნობით, პროექტ „ანტირუსეთზე“ პირველად 2010 წელს ალაპარაკდნენ „ისტორიული პერსპექტივის ფონდის“ საიტზე, როდესაც საქართველოს ხელმძღვანელობა იქნა დადანაშაულებული ამ გეგმის განხორციელებაში (ამ ფონდს დუმის ყოფილი წევრი ხელმძღვანელობს და შეთქმულებების თეორიების გავრცელებით არის დაკავებული). „ისტორიული პერსპექტივის ფონდის“ ავტორების აზრით, სამხრეთ აფრიკიდან ფერმერების საქართველოში ჩამოყვანის გადაწყვეტილება არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ პროექტ „ანტირუსეთის“ შექმნას ემსახურებოდა: „ამ პროექტის მიზანია, პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იქნება ალტერნატივა იმ ტრადიციული ცენტრისა, რომელსაც წარმოადგენს მოსკოვი. ეს არის არა გაერთიანების ცენტრი, არამედ, პირიქით, ცენტრი, საიდანაც მომდინარეობს იმპულსები, რომლებიც აბათილებს რუსულ გავლენას“.

ფანტასმაგორიული პროექტი „ანტირუსეთი“ მეორე სიცოცხლეს შეიძენს, როდესაც პუტინის სამიზნეში საქართველოს ჩაანაცვლებს უკრაინა: „პროექტ ‘ანტირუსეთის’ დასავლელმა ავტორებმა უკრაინის პოლიტიკური სისტემა ისე შექმნეს, რომ პრეზიდენტები, დეპუტატები და მინისტრები იცვლებოდნენ, მაგრამ რუსეთთან შუღლი, მისი მტრობა უცვლელი რჩებოდეს. მოქმედი პრეზიდენტის [ზელენსკის -- ლ. ო.] მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო მშვიდობის განხორციელება. ამ ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში. დაპირებები ტყუილი აღმოჩნდა. არაფერი შეცვლილა“.

პროექტ „ანტირუსეთის“ მიმოხილვის შემდეგ პუტინი საინტერესო დასკვნამდე მიდის: „ანტირუსულ პროექტში ადგილი არ აქვს არც სუვერენულ უკრაინას და არც იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ დაიცვან ქვეყნის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა“. მოკლედ, უკრაინის სუვერენიტეტის გარანტ პუტინს ისღა ჰქონდა დარჩენილი, რომ უკრაინა დაეპყრო...

უკრაინა როგორც ფიქცია

„ეთნოლოგიური და გეოპოლიტიკური კვლევების" შემდეგ კრემლის მეპატრონე ტოპონიმიკის განხილვას შეუდგება, განაცხადებს რა, რომ უკრაინა არის „პატარა რუსეთი“ (მალოროსია): „1686 წლიდან ქალაქი კიევი და მიწები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, მათ შორის პოლტავის, ჩერნიგოვის და ზაპოროჟიეს რეგიონები, რუსეთის შემადგენლობაში შევიდა. მათი მაცხოვრებლები გაერთიანდნენ რუსი მართლმადიდებლების დიდ ნაწილთან. ამგვარად, წარმოიშვა რეგიონი სახელად ‘პატარა რუსეთი’ (მალოროსია)“.

სინამდვილეში, „პატარა რუსეთი“ როგორც ცნება, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ იქნება შემოღებული ორი საუკუნით ადრე: 1458 წელს, უმაღლესი ბერძნული საეკლესიო ხელისუფლება, ლიტველი მთავრების თხოვნით, მათი ქვეშევრდომი მართლმადიდებლებისათვის შექმნის დამოუკიდებელ საეკლესიო პროვინციას როგორც საპირწონეს მოსკოვის სამთავროს ირგვლივ გაერთიანებული ეკლესიისა. ამ დამოუკიდებელ საეკლესიო პროვინციას ბიზანტიელები უწოდებენ „მიკრა როსიას“ (პატარა რუსეთი), როგორც განსხვავებულს „მეგალე როსიისგან“ (დიდი რუსეთი).

საბოლოოდ პუტინი მიდის დასკვნამდე, რომ „თანამედროვე უკრაინა მთლიანად საბჭოთა ეპოქის ქმნილებაა“. ამგვარად, ის თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს სიტყვებს ვიაჩესლავ მოლოტოვის 1939 წლის 31 ოქტომბრის გამოსვლიდან, რომელშიც სტალინის მარჯვენა ხელი პოლონეთს მოიხსენიებს „ვერსალის ხელშეკრულების ამაზრზენ ქმნილებად, რომელიც ეროვნული უმცირესობების ჩაგვრის ხარჯზე არსებობდა“... ზუსტად ისე, როგორც დღეს, პუტინის თქმით, "ნაცისტური" უკრაინა ცხოვრობს რუსულენოვანი უკრაინელების ხარჯზე. პუტინის ლოგიკა მარტივია: თუ უკრაინა (ისევე, როგორც პოლონეთი 80 წლის წინ) ხელოვნური არსებაა, მაშინ მისი ძირფესვიანად განადგურება გამართლებულია...

პუტინის „ისტორია“ წინააღმდეგობაშია ყველა ისტორიულ ფაქტთან და ამ ფაქტების განადგურებისათვის საჭიროა იმ უკრაინული ერის ძირფესვიანად ამოძირკვა, რომელიც ისტორიის პროდუქტია. სწორედ ასე ხედავს პუტინი გზას იმ „დაკარგული სამოთხისკენ“, რომელსაც ჯოჯოხეთის ყველა დამახასიათებელი ნიშანი აქვს...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG