სწორედ რუსული „გორჩაკოვის ფონდისა“ და მისი შვილობილის, ქართულ-რუსული „პრიმაკოვის ფონდის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აწ უკვე პარლამენტარი, გრიგორი კარასინი, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სანქციებზე ნათქვამი უარი შეუქო.
კარასინთან შეხვედრის დროს გადაღებულ ფოტოებში ჩანს „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელი, 5 ივლისის ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული პოლიტიკოსი, დიმიტრი ლორთქიფანიძე. „პრიმაკოვის ფონდი“ კრემლის ანტიდასავლურ ინტერესებს ემსახურება საქართველოში.
ქება მოსკოვში
უკვე მერამდენედ მოდის კმაყოფილების სიგნალი მოსკოვიდან, რომელიც უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებსა და უარს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო, დაწესებულ მკაცრ სანქციებთან შეერთებაზე.
„პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ განვიხილავთ როგორც ტრადიციულ მეგობრებს. დამყარებული ურთიერთობები ხასიათდება ერთმანეთის დახმარებით. რუსეთი მომხრეა, რომ ყველაფერს მშვიდად მიუდგეს. სანქციების რეჟიმები „წვრთნის“ რუსეთის სახელმწიფოს. ვინც ჩვენ პატიოსნად გვეპყრობა და უნიღბოდ გველაპარაკება, ჩვენს მეგობრად დარჩება. უკრაინაში ვერ შედგა სახელმწიფოებრიობა. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ეს ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი“, - თქვა 24 მარტს, „გორჩაკოვის ფონდში“, ქართველ და რუს ექსპერტებთან შესახვედრად მისულმა გრიგორი კარასინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და სახალინის სენატორმა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივ მოლაპარაკებებში - ე.წ. პრაღის არაფორმალური დიალოგის აბაშიძე-კარასინის ფორმატში, რუსეთს წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძიემ 25 მარტს „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი „ერთ-ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით“ და საერთო არაფერი აქვს პრაღის ფორმატთან. აბაშიძე ამბობს, რომ ასეთი ვიზიტი „არსებულ ვითარებაში“ მიზანშეწონილად არ მიაჩნია. საჯარო ინფორმაციის თანახმად, თავად აბაშიძესა და კარასინს შორის ბოლო შეხვედრა „პრაღის ფორმატში“ 2021 წლის ნოემბერში გაიმართა.
კარასინმა 24 მარტს თქვა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება" და ნათელ მომავალზე ისაუბრა.
„ჩვენს ურთიერთობებს აქვთ ნათელი მომავალი“, - რუსეთისა და საქართველოს „კავშირების“ შესახებ კარასინის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები პირდაპირ სათაურში აქვს მოყვანილი „გორჩაკოვის ფონდს“. ქართველ „ექსპერტებთან, პოლიტოლოგებსა და მეცნიერებთან“ გამართულ შეხვედრას საგანგებო ყურადღება დაეთმო როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდებზე.
საკუთარ ფეისბუკგვერდზე ინფორმაციას ავრცელებს დიმიტრი ლორთქიფანიძის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრიც, რომელიც რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის სახელს ატარებს და რომელიც, მკვლევრების შეფასებით, საქართველოში რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენია.
ქართულად და რუსულად გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ღონისძიება 2-დღიანია და 24 მარტს, შეხვედრის ქართველ და რუს მონაწილეებს თავად ლორთქიფანიძემაც მიმართა.
ცნობაში არ არის ნახსენები გრიგორი კარასინი, თუმცა ის, გამოქვეყნებულ ფოტოზე, გრძელი მაგიდის თავში ზის. მკაცრად გასაიდუმლოებულია მონაწილეთა გვარები და რადიო თავისუფლებამ ორგანიზაციასთან დაკავშირება ვერც საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით მოახერხა.
„მომდევნო ორი დღის განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ არა მხოლოდ მიმდინარე რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, არამედ გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების, ეკონომიკის, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებების შენარჩუნების საკითხებს“, - ვკითხულობთ „პრიმაკოვის ფონდის“ განცხადებაში.
„ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი” საქართველოში 2013 წელს დაარსდა, „გორჩაკოვის ფონდისა” და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ. წესდების მიხედვით, ის რუსული ენის, კულტურისა და მეგობრული კავშირების გავრცელება-გაძლიერებას ემსახურება.
დიმიტრი ლორთქიფანიძე „გორჩაკოვის ფონდის“ მოსკოვის ცენტრის საკმაოდ ხშირი სტუმარია და ხშირად იმეორებს, რომ რუსეთისთვის საქართველო ორგანული ნაწილია, ხოლო დასავლეთი და ნატო მას მხოლოდ იყენებენ. 2019 წელს, ლორთქიფანიძე თავის ლექციაზე მისულ აუდიტორიას აიმედებდა, რომ დიდი დრო აღარ რჩებოდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების „ახალი ეპოქის“ დაწყებამდე.
2015 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დახურა კიევში მოქმედი „გორჩაკოვის ფონდის” საინფორმაციო ცენტრი და მიზეზად „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გავრცელება“ დაასახელა.
რუსეთის ჰიბრიდული ომის მკვლევარი, გიორგი ბუტიკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „პრიმაკოვის ფონდის“ მსგავსი ორგანიზაციების გახსნის შესაძლებლობა საქართველოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნება“ მოვიდა, „რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მიზნითა და არგაღიზიანების პოლიტიკით“.
„რუსეთის ჰიბრიდული ომის ძირითადი საყრდენია რბილი ძალა - საინფორმაციო ომი, საინფორმაციო ქსელების საშუალებით [სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებზე] დაყრდნობით. მაგრამ თუკი ვერ ხერხდება საკმარისი ზეგავლენების ამ გზით მოპოვება, მაშინ ეს დოქტრინა "მცირე ომებს", "ლოკალურ ომებსაც" გულისხმობს... ასეთი მცირეხნიანი ომი ჰქონდა ახლა ჩაფიქრებული უკრაინაში, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან სხვაგვარად მომზადებული აღმოჩნდა დასავლეთი... რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები აგებულია კულტურულ კონსერვატიზმზე, რაც ეკლესიური დამოკიდებულებებით იფუთება და ამას ემსახურება როგორც "პრიმაკოვის ფონდი", ასევე "ალტ-ინფოც" და სხვებიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ბუტიკაშვილი.
მკვლევარი შენიშნავს, რომ ეს ჯგუფები საქართველოში წახალისებულია თავად ხელისუფლების მიერ, რაც სხვადასხვა დროს საქართველოში არაერთხელ გააპროტესტეს პროდასავლელმა პოლიტიკოსებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
ძალადობასთან თანაზიარი დოქტრინა
პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს, როცა დიმიტრი ლორთქიფანიძე სწორედ ამ აქციების მთავარ ორგანიზატორთან, „ალტ-ინფოსთან“ ერთად აქტიურობდა.
იმ დღეებში რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი ფეისბუკგვერდზე აზიარებდა „ალტ-ინფოს“ ვიდეოებს და აღფრთოვანებული იყო პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებით. დუგინმა გააზიარა დიმიტრი ლორთქიფანიძის ლაივ-ჩართვაც შემთხვევის ადგილიდან, რომელშიც „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელი სიამაყით ამბობდა - „ევროკავშირის დროშა აღარ არის... მხოლოდ საქართველოს დროშა დარჩა“. ლორთქიფანიძე აქტიურად უჭერდა მხარს 5-6 ივლისის მოვლენებს და მათ შორის - პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებზე იერიშსაც.
2019 წელს ორგანიზაციამ “Carnegie Endowment for International Peace”გამოაქვეყნა კვლევა რუსეთის ყოფილი პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის დოქტრინის შესახებ, რომელითაც, ბუტიკაშვილის თქმით, ხელმძღვანელობს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებაც.
ამ დოქტრინის თანახმად, რუსეთი უნდა ებრძოლოს „ერთპოლუსიან მსოფლიოს“ და აშშ-ის საპირწონე პოზიციები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად დაიკავოს; „რუსეთმა უნდა იბრძოლოს თავისი პირველობისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში“, „ებრძოლოს ნატოს გაფართოებას“ და „ბირთვული იარაღი წარმოადგენს [რუსეთის] ეროვნული უსაფრთხოების საძირკველს“.
„გორჩაკოვის ფონდი“, რომელმაც, თავის მხრივ, ლორთქიფანიძის „პრიმაკოვის ფონდი“ დააფუძნა, 2010 წელს, რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.
ამ ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა თავად მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელმაც 25 მარტს საგანგებო თათბირი გამართა „გორჩაკოვის ფონდთან“ და მკაფიოდ მიანიშნა - თუ რა უნდა თქვან და როგორ მოიქცნენ საყოველთაო დასავლური სანქციების პირობებში, როცა „დასავლეთი რუსეთის ეკონომიკის მოხრჩობას ცდილობს“, ხოლო უკრაინა ღირსი იყო, რაც დაემართა, რადგან რუსეთს „სხვა გზა აღარ დაუტოვა“.
„ორიენტაცია უნდა გვქონდეს არა დასავლეთის პროპაგანდისტულ სააგიტაციო ტექსტებზე, არამედ სწორება უნდა გავაკეთოთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების რეალურ მდგომარეობაზე... რუსეთი არ აპირებს თვითიზოლაციაში მოქცევას... მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ აპირებს აჰყვეს დასავლეთის სანქციების თამაშებს“, - უთხრა ლავროვმა დამსწრეებს და დასძინა, რომ აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება ასეთ ქვეყნებთან.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს გამოაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ეს ამბავი რუსეთს სწრაფად მოედო და კმაყოფილი განცხადებები გაისმა, მათ შორის - სასულიერო პირების მხრიდანაც. მაგალითად, დეკანოზმა არტემ ვლადიმიროვმა, ეს ფაქტი რუსეთის იმპერიაში საქართველოს ნებაყოფლობითი შესვლის წინაპირობადაც აღიქვა.
„გვქონდეს იმედი, რომ ახლო მომავალში ჩვენ შემოგვიერთდება მოლდოვა, ყაზახეთი, უკრაინა - უბედური... გზაშია საქართველო, რომელმაც უარი თქვა [რუსეთისთვის დაწესებულ] სანქციებში მონაწილეობაზე... და რა დაემართებათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თავადაც მიხვდებით... დღეს [ომში] ისინი, როგორც გამტარი ბაზა, აწვდიან იარაღს სლავების გასანადგურებლად“, - თქვა დეკანოზმა ვლადიმიროვმა თავის ქადაგებაში.
"ომი გინდათ"?
„გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდას“ დაჰპირდა. თბილისი - იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?“, - 25 მარტს ქართულ და ინგლისურ ენებზე დაწერა ტვიტერზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.
ბოლო პერიოდში კიევსა და თბილისს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი თქვა სანქციებთან მიერთებაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ გადაწყვეტილებას „საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვით“ ხსნის. ასეთივეა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებებიც; ხოლო ხელისუფლების მომხრეები ხშირად სვამენ შეკითხვას - „ომი გინდათ?“
„კარასინი და რუსეთის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებას, რომელიც მათ სჭირდებათ იმისათვის, რათა მერე თქვენ დასვათ კითხვა ან ნებისმიერმა სხვამ... საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო, უკრაინის შემდეგ, არის ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანა, სწორედ რუსეთის მხრიდან... მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს, მის საზოგადოებას სამიზნის რეალიზაცია როგორმე თავიდან ავაცილოთ“, - უთხრა ჟურნალისტებს 25 მარტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
უკრაინის მისამართით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პასიურ პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი. მათი ძირითადი წუხილია, რომ ხელისუფლება არასაკმარისად მუშაობს დასავლელ პარტნიორებთან, რაც საქართველოს რუსეთის ბანაკში აღმოჩენის საფრთხეს უქმნის.
ხელისუფლება ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ ის აკეთებს ყველაფერს უკრაინისთვისაც და საქართველოს დასავლური კურსის განსამტკიცებლადაც. ბოლო პერიოდში სწორედ საგარეო ურთიერთობები გახდა დაპირისპირების მთავარი თემა „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს პრეზიდენტს შორისაც. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისიც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას საერთაშორისო კავშირებს უზღუდავდნენ.