Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი თვე ყველას ომში


უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შემაძრწუნებელი სიზუსტით შეუძლია გაიმეოროს თავისი საყვარელი ისტორიული პერსონაჟის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის სიტყვები:

„რუსეთს მხოლოდ ორი მოკავშირე ჰყავს - თავისი არმია და საზღვაო ფლოტი!“

მეტი მოკავშირე, თუ არ ჩავთვლით ლუკაშენკას ბელარუსს, ვლადიმირ პუტინს მართლაც არ ჰყავს. სხვა ამბავია, რომ ამ მოკავშირეების ეფექტიანობაც საეჭვო და სათუოა, რადგან რუსეთის არმიამ და სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ვერაფერი გააწყვეს ბევრად მცირერიცხოვანი უკრაინული არმიის, ტერიტორიული დაცვის რაზმებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ.

რუსეთის ჯარი, დიდი დანაკარგების მიუხედავად, ერთი თვეა ვერ აღწევს დასახულ სამხედრო და პოლიტიკურ მიზნებს, თუმცა ომმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა დასუსტებული რუსეთის უკიდურესად საშიში სახე, რადგან თიხის ფეხებზე შემდგარმა გოლიათმა, რომელსაც ფილოსოფოსმა მიხაილ ეპშტეინმა შიზოფაშისტი უწოდა, შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

„რაში გვჭირდება სამყარო, რომელშიც რუსეთი არ იქნება?“ - იკითხა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე და ახლაც, როცა ერთი თვეა მიდის უსასტიკესი ომი, რომელიც შესაძლოა რუსეთისთვის სავალალო შედეგებით დასრულდეს, მაღალი რანგის რუსი სახელმწიფო მოხელეები, გაეროსა თუ საერთაშორისო მედიაში, პერიოდულად ახსენებენ ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებასა თუ შესაძლებლობას, რასაც რუსეთში არათუ არ აპროტესტებენ, არამედ სიამაყით ხვდებიან.

საქართველოში შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ რუსეთის ბირთვული ძალების მფარველ წმინდანად მიჩნეულია წმინდა სერაფიმე საროველი, რომელსაც, საეკლესიო გადმოცემით, „სატანა ებრძოდა და ვერაფერს აკლებდა“.

როგორი ბოროტი ხუმრობა და აპოკალიფსური ოქსიმორონია: ქრისტიანი წმინდანი - მასობრივი განადგურების იარაღის მფარველი!

ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებითა და უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებით, რეპუტაციულად მოკლა რუსეთი და მისი თითოეული მოქალაქე, ცინიკურ ოქსიმორონად აქცია რამე გონიერის, მშვენიერის, ჰუმანურის, კულტურულის აღმნიშვნელი სიტყვების შეწყვილება „რუსულთან“. დღეს რუსული მხოლოდ ტანკი, ავიაგამანადგურებელი, ბალისტიკური რაკეტა, ხომალდი შეიძლება იყოს...

24 თებერვალს, ზუსტად ერთი თვის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და, როცა ყველა ელოდა ველური ძალადობისა და უსამართლობის გარდაუვალ სისხლიან ზეიმს, როცა რუსეთის მრავალმილიონიანმა მოსახლეობამ, ყველა დროის მისმა მნიშვნელოვანმა მწერლებმა, კომპოზიტორებმა, მხატვრებმა თუ მეცნიერებმა, ერთი ადამიანის, ვლადიმირ პუტინის საზარელი სახე მიიღეს, მექანიკურად ვცადე იმ „ჩემი რუსების“ გახსენება, ვინც ბავშვობაში, სტუდენტობისას, მერე ჯარში და ა.შ. შემხვედრიან. ბევრ კარგ თუ ნაკლებად კარგ ადამიანთან ერთად, გამახსენდა საბჭოთა ბავშვობისდროინდელი ერთი ძველი ამბავი:

ჩვენი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა რუსების ოჯახი: დედა, მამა და ორი შვილი. ბიჭს სანია ერქვა, გოგოს სახელს ვერ ვიხსენებ, თუმცა ამბავი ამ ბავშვებზე კი არა, მათ მამაზეა. არ ვიცი, რა ხელობის იყო, მაგრამ, წესით, კვალიფიციური მუშა უნდა ყოფილიყო (ხარატი, შემდუღებელი ან რამე ეგეთი). ქარხანაში მუშაობდა და მარჯვენა მტევნის რამდენიმე ფალანგა აკლდა. გარეგნობით რუს რეჟისორს, ანდრონ კონჩალოვსკის ჰგავდა: მაღალი, ხმელი, თვალებზე ჩამოშლილი თმით, დაკუნთული ყბებითა და ჩაცვენილ ლოყებზე გრძელი ნაოჭებით. უხასიათო, სულ გაბრაზებული ტიპი იყო, ცვლებში მუშაობდა, დღისით უწევდა ძილი და ამიტომ ეზოში ბავშვების ნებისმიერ ხმაურზე ყვირილითა და კარში გამოვარდნით რეაგირებდა. ვალენტინი ერქვა ამ კაცს. კიდევ, „კალიასკიანი მოტოციკლეტი“ ჰყავდა, რომელსაც თავისი ფანჯრების წინ აჩერებდა ხოლმე. მოტოციკლი, თუნდაც ეტლიანი, კი იცით რა მიზიდულობის მატარებელიცაა პატარა ბიჭებისთვის. სწორედ ეს მიზიდულობა ძლევდა ვალენტინის ჯაჯღანისა და გამოხტომის შიშს. გამოვარდებოდა ღრიალით, გამოექანებოდა მოტოციკლისკენ, მაგრამ ვიდრე მიაღწევდა, გაიფანტებოდნენ ბავშვები. ერთხელ ვერ მოზომა, სწვდა რომელიღაც ჩვენგანს და ყური აახია, ოღონდ აახია არაფიგურალურად, არამედ მართლა, სისხლები დაადინა, თუმცა ვიდრე გალახული ბავშვი ტირილით გაეცლებოდა იქაურობას, მოულოდნელად მოვარდა გვერდით სადარბაზოში მცხოვრები გრიშა და მოსდო და მოსდო ბრაზიან ვალენტინს. ერთხელ, მეორედ, მესამედ... იფაფხურა ამ ჩვენმა ვალენტინმა, მაგრამ ვერაფერს გახდა, მერე სულაც აყვირდა: Саня, перчатки принеси! შვილს უხმობდა, ხელთათმანები მომიტანე, აქაოდა ინვალიდობის გამო უხელთათმანოდ ვერ ვჩხუბობო, მაგრამ არც შვილი და არც არავინ გამოსულა მისი სახლიდან, ცხადია, არც ხელთათმანები გამოუტანია ვინმეს. ერთი-ორჯერ კიდევ დაიღრიალა, Саня, перчатки принеси-ო და მერე თვითონაც შეიძურწა თავის სახლში, საიდანაც აღარასოდეს აღარავის გამოვარდნია არც ღრიალით და არც გინებით. გახდა, როგორ რუსები იტყვიან, წყალივით ჩუმი და ბალახივით დაბალი.

ეს ამბავი იმ დროს გამახსენდა, როცა 24 თებერვალს ყველა რუსს ვლადიმირ პუტინის სახე მიეცა და ყველა მათგანს იგივე ვუსურვე, რასაც უკრაინაში დაღუპული ბავშვების მშობლები უსურვებენ რუსეთის პრეზიდენტს; თუმცა ამ ამბავთან ერთად ისიც გამახსენდა, რომ „Дядя Гриша“, ვალენტინისგან განსხვავებით, კარგი ადამიანი იყო და ვიფიქრე, რომ „Дядя Гриша“ ბავშვების მკვლელობას არავითარ შემთხვევაში არ გაამართლებდა და ა.შ. ეს ყველაფერი გამახსენდა და არ მომეწონა ჩემი თავი, რომელმაც ასე ხელაღებით გადაუსვა ხაზი კარგ ადამიანს, მაგრამ მერე ომი გაგრძელდა და გაჭიანურებულმა ომმა, როგორც ხდება ხოლმე, მეტი სისასტიკე და ცინიზმი მოიტანა როგორც ფრონტიდან, ასევე ზურგიდან. ძნელი სათქმელია, ვინ უფრო დამნაშავე და სისხლში გასვრილია, რუსი სამხედრო მფრინავი, რომელიც მარიუპოლში ბავშვებს ხოცავს, თუ რუსი მასწავლებელი, რომელიც ამ მფრინავის „გმირობის“ მაგალითზე ახალ „პატრიოტულ თაობას“ ზრდის? რუსი ჯარისკაცი, რომელიც უმწეო ქალს აუპატიურებს, თუ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, რომელიც ამ ყველაფერს ან ამართლებს, ან ვერ ხედავს?

პუტინის რუსეთი გამაოგნებელი ერთსულოვნებით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ რუსეთის ლამის ყველა მოქალაქე, შეძლებისდაგვარად პუტინია და, რომ პუტინის ადგილზე ეს მოქალაქეები იმავეს (და მეტსაც) დამართებდნენ მეზობელ უკრაინას და მოძმე უკრაინელ ხალხს. იმდენად მანოლითურ მონსტრად წარმოჩენს პუტინი რუსეთს, რომ სამშობლოდან გაქცეულ საშუალო სტატისტიკურ რუსსაც კი უმალ ტროას ცხენად აღიქვამენ მიმღებ ქვეყნებში, ვიდრე რეჟიმის მსხვერპლად ან, მით უმეტეს, პოტენციურ მოკავშირედ.

დღევანდელ რუსეთს რომ უყურებ, არ გჯერა, Дядя Гриша რომ რუსი იყო. მით უფრო, რომ ასაკის სიმცირისა და საბჭოური გარემოს გათვალისწინებით, არც არასოდეს დამიზუსტებია მისი წარმომავლობა. „იქნებ, სულაც უკრაინელი იყო?“ - ასეთმა აზრმაც კი გამიელვა. დღეს, როცა უკრაინა ასე გმირულად იბრძვის თავისი სამშობლოსა და თავისუფალი სამყაროსათვის, როცა უკრაინელმა კაცებმა და ქალებმა ბოროტებაზე გამარჯვების რწმენა დაუბრუნეს ქვეყნებს, ერებსა და ცალკეულ ადამიანებს, ძალიან იოლი და, ალბათ, ბუნებრივიცაა ამის დაჯერება, სტერეოტიპების მძევლად ქცევა (ყველა უკრაინელი კარგია, ყველა რუსი - ცუდი; ყველა, ვინც უკრაინას გულშემატკივრობს - კარგია, ვინც არა - ცუდი), თუმცა ამგვარ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ მდგომარეობაში ჩავარდნილებმა, თავი იმით შეგვიძლია ვიმართლოთ, რომ ემოციურად ჩვენც ომში ვიმყოფებით და ვიდრე ის არ დამთავრდება, სამყარო ჩვენთვისაც „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“ იქნება გაყოფილი. და კიდევ, რუსეთის და მისი მოქალაქეების რეპუტაცია ჩვენ არ მოგვიკლავს. მკვლელი ცნობილია და მან ფიზიკურადაც შეიძლება მოკლას როგორც რუსეთი, ასევე დანარჩენი მსოფლიო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG