Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას


მარიო დრაგი
მარიო დრაგი

იტალიას სურს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეოხიდის საშუალებით სიტყვით მიმართა იტალიის პარლამენტს.

"ჩვენ გვინდა გზა გავუხსნათ უკრაინის ევროპასთან უფრო მეტ სიახლოვეს: ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც აუცილებელი რეფორმებისგან შედგება. იტალია ამ პროცესში უკრაინის გვერდით არის. იტალიას სურს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

დრაგიმ დასძინა, რომ დღეს უკრაინა არა მხოლოდ თავს იცავს, არამედ იცავს "ჩვენს მშვიდობას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას და იტალია ამისთვის მადლიერია".

რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესების კონტექსტში, ზელენსკიმ იტალიელ პოლიტიკოსებს, კოვიდპანდემიის დასაწყისში, იტალიისადმი უკრაინის დახმარება შეახსენა.

”ჩვენ დაგეხმარეთ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი გამოვაგზავნეთ იტალიაში, რათა პანდემიის დროს თქვენთვის დახმარება გაგვეწია…ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები და ზეწოლა [რუსეთისადმი]“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ევროკავშირის წევრებს შორის სრული კონსენსუსია უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე, რაც უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებში გამოიხატა, მაგრამ მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა კავშირში უკრაინის მიღება ამ ეტაპზე. ამავე დროს, ისინი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან იმაზეც, თუ როგორ შეამცირონ რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება.

10-11 მარტს პარიზში გამართულ ევროკავშირის სამიტზე გამოჩნდა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების საკითხში ევროკავშირის შიგნით სერიოზული უთანხმოებაა.

„შეგვიძლია დღეს ევროკავშირში სწრაფად მიღების პროცედურა დავიწყოთ ქვეყნისთვის, რომელიც ომშია ჩართული? არა მგონია", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, - „კარი ჩავკეტოთ და უკრაინას ვუთხრათ: ‘არასოდეს’? ეს უსამართლო იქნებოდა.“

„არ არსებობს [ევროკავშირში] დაჩქარებული წესით მიღება“, - განაცხადა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მოლაპარაკებებზე ჩასვლისთანავე. „მინდა ყურადღება დავუთმო იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დღეს საღამოს, ხვალ. ევროკავშირში უკრაინის მიღება კი დიდი ხნის საქმეა, თუ საერთოდ მოხდა ეს“, - დასძინა მან.

ენერგომატარებლებზე უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ფასების ზრდამ, საფრთხე შეუქმნა ევროკავშირის ეკონომიკას, რომელიც უკვე დასუსტებულია კორონავირუსის პანდემიით.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, განსაკუთრებით დამოკიდებულია ენერგიის ნაკადზე, იტალიასთან და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად.

ევროკავშირის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მეოთხედი ასევე რუსეთზე მოდის.

XS
SM
MD
LG