Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსეთის მოქალაქეებმა ნავალნის სოლიდარობის აქცია გამართეს


თბილისში, რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობის წინ, რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც თავს ანტიპუტინისტური მოძრაობის წევრებად განიხილავენ და საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდნენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სოლიდარობის აქცია გამართეს.

ნავალნის სასამართლომ დღეს, 22 მარტს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქციის ორგანიზატორის, ვლადიმირ დუბოვსკის განცხადებით, ისინი შეიკრიბნენ ნავალნის მხარდასაჭერად და მისდამი გამოტანილი მორიგი უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეებს ხელში ორფეროვანი დროშები ეჭირათ - თეთრი და ლურჯი ზოლებით. ვლადიმირ დუბოვსკის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან, საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს თავიანთი პოზიციის გამოხატვის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ამას რუსეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ ვერ იზამდნენ, ვინაიდან, მისი თქმით, ის "სისხლთან და ოკუპაციასთან" ასოცირდება.

ჩვენ გამოვდიოდით აქციებზე, მაგრამ არ გვქონდა ერთიანი სიმბოლო, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშით ვერ გამოვიდოდით, რადგან ეს სისხლისა და ოკუპაციის დროშაა, არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს და სხვა ქვეყნების [ოკუპაციის], ამიტომ მოვიგონეთ ჩვენი დროშა თეთრი-ლურჯი-თეთრი ზოლებით. ეს არის საზღვარგარეთ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ომის საწინააღმდეგო მოძრაობის დროშა, მაგრამ ის უკვე რუსეთშიც გამოიყენება. ალბათ, მალე მას ექსტრემისტულად გამოაცხადებენ. ჩვენ ავიღეთ რუსეთის დროშა და მოვაშორეთ წითელი ფერი და დავტოვეთ მხოლოდ თეთრი და ლურჯი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვლადიმირ დუბოვსკიმ.

აქციას დაახლოებით 2 ათეული ადამიანი ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG