Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, თაღლითობისა და სასამართლოს შეურაცხყოფის საქმეზე. ამასთან სასამართლომ მას 1.2 მლნ რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

პროკურატურის განცხადებით, „ანტიკორუფციულმა ფონდმა“ თავისი მხარდამჭერებისგან მიღებული შემოწირულებები გაფლანგა. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავალნი და მისი თანამოაზრეები აგროვებდნენ შემოწირულებებს საარჩევნო კამპანიისთვის „მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენების გზით“, განკარგავდნენ მათ „პირადი მიზნებისა და საქმიანობისთვის“. ნავალნის ორგანიზაციის შემწირველი 300 ათასი ადამიანიდან დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ ოთხი.

სასამართლოს გასვლითი სხდომა ვლადიმირის ოლქის ქალაქ პორკოვის გამოსასწორებელ კოლონიაში გაიმართა, სადაც ნავალნი ე .წ. „ივ როშეს“ საქმეზე იხდის სასჯელს.

სახელმწიფო ბრალდება ალექსეი ნავალნისთვის 13-წლიან საპატიმრო სასჯელს მოითხოვდა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდის პირობით და ასევე ჯარიმას 1.2 მილიონი რუბლის ოდენობით. დაცვის მხარე ნავალნის უდანაშაულოდ მიიჩნევს.

პოლიტიკოსი უკვე იხდის სასჯელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკანონოდ აღიარებულ ე.წ. "ივ როშეს" საქმეზე.

XS
SM
MD
LG