Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ზელენსკის ფილმი მეტწილად ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზეა დაფუძნებული


პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოში მისი საქმის განხილვის სხდომაზე, პარალელი კვლავ გაავლო მიმდინარე მოვლენებთან. სხდომაზე მან თქვა ისიც, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ოჯახის წევრების გარდა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დაკრძალვას დაესწრო.

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი საქმის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის მორიგი სხდომაა. პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტსა და უკრაინის მოქმედ პრეზიდენტზე სააკაშვილმა სწორედ ამ სხდომაზე ისაუბრა.

"ძეგლებს უხსნიან კაჩინსკის და მე კაჩინსკისთან ჩასვლის გამო მიპირებენ [გასამართლებას]... მე დარწმუნებული ვარ, რომ ნანახი გაქვთ ფილმი "ხალხის მსახური" ზელენსკის მონაწილეობით... ზელენსკის ფილმი, მეტწილად, როგორც სცენარისტმა მითხრა, დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელში ზელენსკის რომ უთხრან, მერე რა რომ შენი ქვეყანა გადაარჩინე, ის მაისური რომ გეცვა, ის არის ფულის გადახარჯვა", - თქვა სააკაშვილმა.

უკვე 26-ე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

XS
SM
MD
LG