გერმანიის სპეცსამსახურები დიდი ხანია აფიქსირებენ კონტაქტებს რუს იდეოლოგ ალექსანდრ დუგინსა და ევროპაში მემარჯვენე ექსტრემისტებს შორის, იუწყება DW.
„მიუხედავად იმისა, რომ დუგინი არ იკავებს ოფიციალურ თანამდებობებს, ის არის საკვანძო იდეოლოგიური ფიგურა. დუგინის მიერ პროპაგანდირებულმა ნაციონალისტურმა შეხედულებებმა საფუძველი ჩაუყარა უკანონო თავდასხმას უკრაინაზე“, - ციტირებს სააგენტო dpa ფედერალური მთავრობის პასუხს.
ამავე ინფორმაციით, სპეცსამსახურებს გერმანიაში დუგინის ქსელის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა მოუწიათ.
„ანალიტიკური ცენტრი „კატეხონი“, რომელსაც ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობს, არის მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ იდეებზე. ცენტრის იდეოლოგიური ლაიტმოტივი არის მართლმადიდებელი რუსების ერთიანი კულტურული სივრცის შექმნა. ისევე, როგორც რუსეთის მეფობა ევროპისა და აზიის უზარმაზარ ტერიტორიებზე“, - წერია ფედერალური მთავრობის პასუხში.
ალექსანდრ დუგინი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში ულტრამემარჯვენე, ულტრაკონსერვატორ ჯგუფ „ალტ-ინფოსთან“, რომელიც უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთში „სრული შემადგენლობით“ ვიზიტს გეგმავს.