პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა, რომ საქართველო „ყველაფერს აკეთებს“ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
„არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, მხარი დაუჭიროს უკრაინის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, პოლონეთი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე და ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს ის გზა, რომელიც თავად სურს.
„საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში! - თქვა მან და დაამატა, - ვის ესმის უკრაინელების, თუ არა ქართველებს. აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, ქვეყნის 20% არის დაკავებული ოკუპანტების მიერ. ამიტომ, მინდა გამოვხატო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების მიმართ, რომლებიც რთულ სიტუაციაში იმყოფებიან, ვინაიდან 2008 წლის აგრესია დღემდე იგრძნობა საქართველოში“.
პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, ასევე, გაიხსენა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, რომელიც 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, თბილისს ეწვია სოლიდარობის ნიშნად.
„ლეხ კაჩინსკი იყო ყველას, განსაკუთრებით პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდამჭერი. დღევანდელი რუსეთის აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია“, - განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ.