ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოსგან არავინ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუ ეს ქვეყნის მთავრობას არ სურს, მაგრამ მისგან მოელიან, თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სანქციებთან.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რატომ არის დღეს რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაკისრება მნიშვნელოვანი მაშინ, როცა ხელისუფლება საუბრობს 2008 წელზე და იმ ფაქტზე, რომ საქართველოსთან ომის გამო რუსეთისთვის სანქციები არავის დაუკისრებია, ელჩმა გაიხსენა ის მასშტაბური საერთაშორისო დახმარება, რაც საქართველომ მიიღო პარტნიორებისგან.
"2008 წელს, ომის შემდეგ, საქართველომ მილიარდი დოლარი მიიღო ჩემი ქვეყნისა და სხვა ქვეყნებისგან დახმარების სახით და ეს იყო განკუთვნილი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის - მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს. ეს იყო დასტური იმ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის, რაც საქართველოს აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა მეგობრებთან.
დღეს, ამ სიტუაციაში, რაც ჩვენ გვაქვს უკრაინაში, სადაც უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება რუსული აგრესიის გამო, მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ჩვენს მეგობრებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ. გვაქვს მოლოდინი, რომ სანქციები იმუშავებს და გავლენას მოახდენს რუსეთის ქცევაზე", - თქვა კელი დეგნანმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია არა იმდენად ორმხრივი სანქციების დაკისრება რუსეთისთვის, რამდენადაც იმის ჩვენება, რომ საქართველო დგას უკრაინის მხარეს.
"მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არავინ ითხოვს საქართველოს მთავრობისგან ორმხრივი სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, თუ მათ ეს არ სურთ. საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რისი გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, არის ის, რომ ერთად ვიდგეთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ. საქართველო ყოველთვის იყო კარგი პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში.
საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით, იქნებოდა ეს მიმართული ირანის თუ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებსაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების სჯერათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი საკითხი გაიმიჯნოს - ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე.
საქართველო ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ბევრი სანქცია შეიძლება საქართველოზე პირდაპირ არც მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ საქართველო ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, აღასრულებს სანქციებს, რამდენადაც ეს მათ შეუძლიათ.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, პასუხს აგებს. გავიმეორებ, მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთიანი მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ და ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა სწორედ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაა“, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სანქციებზე დასმულ კითხვას.
უკვე 22 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლი და თავშესაფარი, რომელშიც მოქალაქეები, ძირითადად ბავშვები და ქალები რუსული ბომბებისგან აფარებდნენ თავს. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.