Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Financial Times: უკრაინა და რუსეთი ნეიტრალობის გეგმას ათანხმებენ ომის დასასრულებლად


გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს წინასწარი, 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთანხმებაში, რომელიც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ძალების უკრაინიდან გასვლას - იმ შემთხვევაში, თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება მისი შეიარაღებული ძალებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.

შეთავაზებული შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა პირველად ორშაბათს განიხილეს, ითვალისწინებს კიევის მხრიდან უარის თქმას ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაზე და პირობას, რომ არ უმასპინძლებს უცხოეთის სამხედრო ბაზებს ან შეიარაღებას - ამის სანაცვლოდ კი ქვეყანა მიიღებს დაცვის გარანტიებს მოკავშირეებისგან, მაგალითად, აშშ-ისგან, ბრიტანეთისა და თურქეთისგან, ამბობენ წყაროები. უკრაინის უსაფრთხოების დასავლური გარანტიების შინაარსი - და ის, თუ რამდენად მისაღები იქნება ისინი მოსკოვისთვის - შესაძლოა კვლავაც წინაღობა აღმოჩნდეს შეთანხმების მიღწევის პროცესში, ისევე, როგორც რუსეთის და მისი მოკავშირეების მიერ 2014 წელს დაკავებული უკრაინის ტერიტორიების სტატუსის საკითხი.

უკრაინის უსაფრთხოების შესახებ 1994 წელს მიღწეულმა შეთანხმებამ ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის შეკავება მისი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიც და კიევიც აცხადებენ, რომ შეთანხმებასთან მიმართებით პროგრესს მიაღწიეს, უკრაინის ოფიციალური პირები კვლავ სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნებას, უერთგულოს შეთანხმების პირობებს და შიშობენ, რომ მოსკოვი, შესაძლოა, უბრალოდ დროს იგებდეს თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის და შეტევის განახლებისთვის.

ოთხშაბათს, 16 მარტს პუტინს კომპრომისის ნიშნები არ გამოუვლენია - განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინაში მიაღწევს თავის ყველა საომარ მიზანს. "ჩვენ არასოდეს დავუშვებთ იმას, რომ უკრაინა გახდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მომართული აგრესიული ქმედებების ბასტიონი", - თქვა პუტინმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, Financial Times-ს უთხრა, რომ ნებისმიერი შეთანხმება გაითვალისწინებს "რუსეთის ფედერაციის ძალების გასვლას უკრაინის ტერიტორიიდან", რომელიც 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის შემდეგ იქნა დაკავებული - კერძოდ, სამხრეთის რეგიონებიდან, აზოვის და შავი ზღვების გასწვრივ, და კიევიდან აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებიდან. უკრაინა შეინარჩუნებს სამხედრო ძალებს, თუმცა დაეკისრება ვალდებულება, არ გაწევრიანდეს გარე სამხედრო ალიანსებში, მაგალითად, ნატოში და თავი შეიკავოს თავის ტერიტორიაზე უცხოეთის სამხედრო ბაზების განთავსებისგან. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს 16 მარტს უთხრა, რომ უკრაინისთვის შესაძლებელია ავსტრიის ან შვედეთის მსგავსი ნეიტრალიტეტის სტატუსის გამომუშავება. "ეს შესაძლებლობა ახლა ნამდვილად განიხილება, და ის შესაძლოა ნეიტრალობად იყოს აღქმული", - ამბობს პესკოვი. სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე განიხილება "აბსოლუტურად სპეციფიკური ფორმულირებები" და ისინი შეთანხმებასთან ახლოსაა.

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიღწეული პროგრესის მიუხედავად, უკრაინაში გრძელდება ქალაქების დაბომბვა, კიევი აცხადებს, რომ კონტრშეტევას იწყებს რუსეთის ძალების წინააღმდეგ.

16 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოჩართვით აშშ-ის კონგრესის წევრებს მიმართა და სთხოვა უკრაინის ცის დახურვა, ან საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა საშუალებების გამოყოფა რუსეთის იერიშების მოსაგერიებლად.

"ევროპაში ამჟამად არ არსებობს უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემა, რომლის შუამავალიც ნატო იქნებოდა. როგორც კი ევროპაში სერიოზული ომი დაიწყო, ნატო სწრაფად გადგა განზე", - ამბობს პოდოლიაკი და დასძენს: "ჩვენ გამოვდივართ უსაფრთხოების გარანტიების უკრაინული მოდელით, რომლიც მოიცავს კონფლიქტში უკრაინის მხარეს დაუყოვნებელ და იურიდიულად დამოწმებულ მონაწილეობას რამდენიმე გარანტორი ქვეყნის მხრიდან, თუკი ვინმე კვლავ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას".

XS
SM
MD
LG