უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა უსაფრთხოების მხოლოდ „უკრაინული მოდელს“ დასთანხმდება.
„ეჭვგარეშეა, ვხვდებით ჩვენი პარტნიორების მცდელობას, დარჩნენ ინიციატორ მხარედ მოლაპარაკებების პროცესში. აქედან მომდინარეობს სიტყვა შვედური და ავსტრიული ნეიტრალიტეტის შესახებ, მაგრამ ახლა უკრაინა რუსეთთან პირდაპირი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინული და მხოლოდ იურიდიულად დამოწმებული „უსაფრთხოების გარანტიებით“. არანაირი სხვა მოდელები და ვარიანტები", - დაწერა პოდოლიაკმა ტელეგრამის გვერდზე.
პოდოლიაკის თქმით, ეს ნიშნავს უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიებს, "აბსოლუტურს და არა ბუდაპეშტის პროტოკოლის მსგავსს".
„ეს კი ნიშნავს, რომ გარანტიებზე ხელმომწერები გვერდზე არ გადგებიან უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, როგორც დღეს. აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტში უკრაინის მხარეს და ოფიციალურად მოგვაწვდიან აუცილებლად საჭირო მოცულობით შეიარაღებას. მეორე მხრივ, უკრაინას აღარ სურს დამოკიდებული იყოს ბიუროკრატიულ პროცედურებზე, რომლებიც ან აძლევს, ან არა უფლებას, დახუროს ცა ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. ჩვენ გვჭირდება მყარი და ხისტი გარანტიები, რომ ცა აუცილებლად დაიხურება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, უკრაინა არასოდეს ყოფილა მილიტარისტული სახელმწიფო, რომელიც ოდესმე დასხმია ან აპირებდეს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას, „ამ მეზობლებისგან განსხვავებით“, განმარტა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ სურს უკრაინას საფრთხეების ნათლად გაწერილი გარანტიები.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, „ახლა განიხილება უკრაინის დემილიტარიზებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვერსია, რაც შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს“, - ამის შესახებ პესკოვმა უთხრა ჟურნალისტებს დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევი მათ უკრაინის დემილიტარიზებული სახელმწიფოს ავსტრიული ან შვედური ვარიანტის შექმნას სთავაზობს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.