სერჟანტი ანდრეი ბაკაევი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
წარმოშობით ცხინვალელი ბაკაევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფში მსახურობდა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის „გმირულად დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო სპეცოპერაციისას“.
ანდერი ბაკაევი 35 წლის იყო, მას ორი შვილი დარჩა. დაჯილდოვდა ორდენით სიმამაცისთვის (სიკვდილის შემდეგ).
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზა“-ს ცნობით, სოციალური ქსელებით გავრცელდა კადრები, რომელთა თანახმად, სამხედრო ტექნიკა ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს როკის გვირაბის გავლით.
უკრაინაში საომრად ადგილობრივ მცხოვრებთა გამგზავრება დაადასტურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ.
„ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ბოლო მოუღონ ნაცისტებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ატერორებენ... მიდიან, რათა შური იძიონ ჩვენი ძმების გამო“, - დაწერა მან ტელეგრამ-არხზე.
„ეხო კავკაზა“-ს ცნობით, რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო, სოციალური ქსელების მომხმარებლები აკრიტიკებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. თავის დროზე, სწორედ მისი გადაწყვეტილებით შემცირდა ადგილობრივი „არმიის“ რიცხოვნობა და სამხედროთა ნაწილი კონტრაქტით დასაქმდა რუსეთის მე-4 ბაზაზე. ამასთან, ბიბილოვი აცხადებდა, რომ ეს კონტინგენტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსული ბაზის ტერიტორიაზე დარჩებოდა.