Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი „ოცნებას“: ფაქტობრივად დააანონსეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება


პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და შეაფასა მათი პარტიის განცხადება, რომლის თანახმად, მთავრობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

დღეს, როდესაც დააანონსეთ, ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის მზადება, მე იძულებული ვარ, შეგახსენოთ, რომ თქვენ დღეს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას იმისთვის, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა, ქართველ ხალხთან ერთად, პრეზიდენტ ზელენსკის აქ, პარლამენტის წინ მოედანზე; იმისთვის, რომ ის შეხვდა პრეზიდენტ მაკრონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს; იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე და ევროკავშირში გაწევრიანების მომავალზე ესაუბრა და იმისთვის, რომ გაბედა და დააფიქსირა ის პოზიციები უკრაინის მხარდაჭერის, რომელიც, ცხადია, არის სრულ აცდენაში “ქართული ოცნების“ პოზიციებთან, მაგრამ სრულად სინქრონიზირებულია ცივილიზებული მსოფლიოს და დასავლეთის პოზიციებთან“, - თქვა სალომე სამადაშვილმა.

დღეს, 15 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა 14 მარტს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

"ქართული ოცნება" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

14 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

პრეზიდენტმა თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.

15 მარტს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები კონსტიტუციის დათქმის დარღვევითა და საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა, რაც კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაა. მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს განმარტავს და მასში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ოფიციალურ საერთაშორისო ვიზიტებს ახორციელებს მთავრობის დასტურით.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებას თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG