რუსეთის პირველი არხის რედაქტორის, მარინა ოვსიანნიკოვას ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია. კრემლის მიერ კონტროლირებული ტელეარხის საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“-ს პირდაპირი ეთერისას ოვსიანნიკოვას საპროტესტო გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის „ოსტანკინო“-ს განყოფილებაში.
თუმცა, გამოცემა ОВД-Инфо-ს წყაროს თანახმად, მარინა ოვსიანნიკოვა ამ განყოფილებაში არ იმყოფება. ადვოკატი ანრი ცისკარიშვილიც აცხადებს, რომ მარინა ოვსიანნიკოვა „ოსტანკინო“-ს სამორიგეო ნაწილში ვერ იპოვა.
14 მარტს ღამით, როცა რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადიოდა პროპაგანდისტული საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“ და წამყვანი ეკატერინა ანდრეევა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე ლაპარაკობდა, მარინა ოვსიანნიკოვა სტუდიაში პლაკატით შევიდა. პლაკატზე ეწერა: „შეაჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“. ოვსიანნიკოვამ პირდაპირ ეთერში წარმოთქვა მოწოდებაც: "შეაჩერეთ ომი! არა ომს!"
მოგვიანებით, პირველი არხის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ "ატარებს კადრში უცხო პირთან დაკავშირებული ინციდენტის შემოწმებას".
კრემლი, რომელმაც ქვეყანაში ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალების საქმიანობა დაბლოკა, მოითხოვს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდეს მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთში დაჩქარებული წესით მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ "ცრუ ინფორმაციის" გავრცელება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.