ორშაბათს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირი ეთერი ომის საწინააღმდეგო აქციამ შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა.
აქციის ამსახველ ვიდეოს მასობრივად აქვეყნებენ სოციალური ქსელების მომხმარებლები. კადრებში ჩანს, თუ როგორ საუბრობს სტუდიაში მჯდომი პროგრამა „ვრემიას“ წამყვანი ეკატერინა ანდრეევა მთავრობის გეგმებზე დასავლეთის სანქციების შედეგების შესამსუბუქებლად. ამ დროს სტუდიაში უცნობი ქალი შედის და წამყვანის უკან ათავსებს პლაკატს წარწერით: "შეაჩერე ომი. არ დაიჯეროთ პროპაგანდის. აქ ისინი მოგატყუებენ" და შემდეგ წარმოთქვამს სიტყვებს: „შეაჩერე ომი!" და "არა ომს!".
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო, პირველი არხის თანამშრომელია. მედიის ცნობით, მისი სახელია მარინა ოვსიანნიკოვა, ის მუშაობს რედაქტორად პროგრამა "ვრემიაში".
ასევე ცნობილია, რომ აქციის ორგანიზებამდე ოვსიანნიკოვამ ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან უკრაინაში შეჭრას უწოდა დანაშაული, რუსეთს - აგრესორი ქვეყანა, ხოლო ვლადიმირ პუტინს - ამ აგრესიაზე პასუხისმგებელი.