პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ, სიტყვის უფლებით ისარგებლეს საპარლამენტო ფრაქციებმა. მათგან ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის 14 მარტის მოხსენება დიდწილად დადებითად შეაფასეს.
„ბევრი მოხსენება მომისმენია საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური და სახელმწიფოს „მეთაურისებრი“, ანუ მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ყველამ ერთად, რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ ის პრობლემები, რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც“, - განაცხადა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა. უსუფაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შეფასებას, რომ დღეს, "ხელისუფლებაც და ოპოზიციაც სცოდავს ქვეყნის წინაშე" და თქვა, რომ პრეზიდენტმა ყველას ერთად "მჭლე" სამიანი" დაუწერა. მან გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაც და თქვა, რომ სწორედ მაშინ გამოყენებული "შავი პიარი" საზოგადოებას ისევ ახსოვს.
"ერთ კონკრეტულ საკითხში მეც დავუწერდი სამიანს ქალბატონ პრეზიდენტს, იმიტომ რომ მტრობამ, შუღლმა, ურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა ამ ქვეყანაში ისტორიულმა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მიაღწია. ასეთი ამბები მერე აღარ იკარგება, ილექება საზოგადოებაში, ადამიანებში, პოლიტიკოსებში. ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენ ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას ახლა მაინც, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანას ემუქრება არა მხოლოდ უზარმაზარი საფრთხეები, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"ევროპელი სოციალისტების" წევრმა ფრიდონ ინჯიამ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ის აღარ არის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორც პრეზიდენტი, ვალდებულია, ქვეყნის გარეთ თავისი დიპლომატიური ვიზიტები მთავრობასთან შეათანხმოს.
„საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციით შეზღუდულია თავის უფლებებში, მან გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროპაში სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან შეხვედრების შესახებ პარლამენტისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია. მას უნდა შევახსენო, რომ იგი, მართალია, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს იგი საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა და მას, როგორც პრეზიდენტს, ამასთან შეხება არ აქვს და თუ ის ამ საკითხებით მიდის და აქვს გარკვეული გამოცდილება, ქვეყნის ერთგულია (რაც მას ბევრჯერ დაუმტკიცებია), მაშინ პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს პარლამენტს, მთავრობას, ვინც პოლიტიკას განსაზღვრავს“, - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ სიტყვით გამოსვლისას. დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, თუმცა საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და არაოფიციალურ ფორმატში ვიზიტები მაინც განახორციელა.
ფრიდონ ინჯიამ ასევე გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი გაუძლებს ზეწოლას, რომელიც მასზე ხორციელდება. მან არ დააკონკრეტა, თუ ვისგან განიცდის სალომე ზურაბიშვილი ზეწოლას. კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება ვარაუდი, რომ ინჯია ოპოზიციის მხრიდან ზეწოლას გულისხმობდა.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენს პრეზიდენტს შესწევს ძალა, ზეწოლას გაუძლოს. პრეზიდენტმა ასევე ბრძანა უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის გამართვის შესახებ. მე კი უშიშროების საბჭოს სხდომაში ისეთი პარტიების მონაწილეობა, რომლებიც თავიანთ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი გადასცა. ბეჟაშვილის განმარტებით, წერილში იყო მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს.
„ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა გადმოგცეთ მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ვინაიდან, დღეს რასაც ეს ადამიანი აკეთებს, ეს არის უკრაინის ბრძოლა, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა. ამიტომ, გთხოვთ, ეს შუამდგომლობა გაითვალისწინოთ და დააკმაყოფილოთ“, - თქვა ლევან ბეჟაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მან ასევე კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი. ბეჟაშვილის თქმით, დღეს, როცა უკრაინა ომშია, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს ნაცვლად, უკრაინაში უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ აპირებს მის შეწყალებას.
ლევან ბეჟაშვილი თავის სიტყვაში შეეხო ხელისუფლების არასათანადო ძალისხმევას, საქართველომ სწორი პოზიცია დაიკავოს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.
„სამწუხაროდ, ამ კვირების განმავლობაში, ხშირად მოგვისმენია მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ მოვიცადოთ, არ ჩავერიოთ ომში, „ომის პარტია“ და ასე შემდეგ.
ბუნებრივია, ომი არავის გვინდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას სიმართლე, რომ მოქმედება მარტო სამხედრო ბრძოლაში არ გამოიხატება. ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში, ეს არის ღირებულებითი ბრძოლა, ბრძოლა თავისუფალ სამყაროსა და ბოროტებას შორის. არჩევანი ნათელი გვაქვს, პროგრესული სამყაროს მხარეს ვართ თუ ბოროტების. უნდა წარმოვიდგინოთ ყველა ის რისკი, რომლის წინაშეც ახლა დგას უკრაინა, თვალი გავუსწოროთ იმ ღირებულებებს, რასაც ახლა სიცოცხლის ფასად იცავს მებრძოლი უკრაინა. ეს ჩვენთვის ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ ჩვენ იგივე გზა გავიარეთ 2008 წელს. ეს არის ოკუპანტის მიერ ღია ულტიმატუმი, უარი დამოუკიდებლობაზე და ნატოზე, სწორედ იგივე მოთხოვნები ჰქონდა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის წინაშეც.
მიუხედავად უკრაინასთან ამ საერთო მიზნებისა და ამოცანებისა, გაუგებარი და მიუღებელია ის პასიურობა, რასაც მთავრობა იჩენს უკრაინის სოლიდარობის თემასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით. უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში კი მტრის სახელის ჩაწერაც ვერ მოახერხა პარლამენტმა და ყველაზე ნეიტრალური დახმარება, ჰუმანიტარული დერეფანიც კი ვერ შესთავაზა განადგურებულ ოჯახებს და ჩვენთვის მრავალჯერ დახმარების აღმომჩენ ქვეყანას“, - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.
იაგო ხვიჩიამ, პოლიტიკური პარტია "გირჩიდან", უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, დააბრუნოს ელჩი, რომელიც საქართველოს "ამორალური დამოკიდებულების გამო" გაიწვია თბილისიდან კიევში, საქართველოს პრეზიდენტს კი მხარდაჭერა გამოუცხადა. კითხვები, რომლებიც იაგო ხვიჩიამ დასვა პარლამენტის ტრიბუნიდან, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს გეგმებსა და მზაობას შეეხებოდა.
„ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მინიმუმ სამი სცენარი ხომ უნდა გვქონდეს გააზრებული - წარმატებული სცენარი, არც ისე წარმატებული სცენარი და წარუმატებელი სცენარი. ნაცვლად ერთმანეთთან კამათისა და ჩხუბისა, ჩვენ სერიოზულად უნდა ვფიქრობდეთ, რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ბოროტებამ გადაწყვიტა საქართველოსკენ მოტრიალება.
ვიბრძვით? თუ ვიბრძვით, როგორ ვიბრძვით?
რუსეთთან ბრძოლაში შანსი არ გვაქვს, თუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად არ იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ თან ერთმანეთს ვებრძოდეთ და თან რუსულ ბოროტებას დავუპირისპირდეთ?
ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია გვაქვს?
ვინ როგორ აპირებს ბრძოლას?
ვინ ვის ზურგს დაიცავს ამ ბრძოლაში?
ჩვენ მზად ვართ ახლა ასეთი ბრძოლისთვის?
თუ არ ვართ მზად ბრძოლისთვის, ხალხს რას ვეუბნებით?
გაქცევის გზები როგორია? ხომ არ შეიძლება გაქცევის დროს უფრო მეტი ადამიანი დავკარგოთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ღონისძიების დროს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირიქით ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება და უკრაინა ტრიუმფალურად იმარჯვებს ამ ბრძოლაში.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის ფაქტორი, რაღაც ფორმით, განეიტრალდა? თუ ეს ასე მოხდა, რომელიც უკრაინის გმირმა ხალხმა დააყენა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ჩვენ როგორ ვიყენებთ? რა გეგმა გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რა გეგმა გვაქვს ზოგადად, ერთმანეთთან დაკავშირებით, როგორ აღვნიშნავთ და როგორ ვცდილობთ გამოვიყენოთ კაცობრიობის გამარჯვება ბოროტებასთან მიმართებაში და მესამე, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტი იწელება, როდესაც ჯერ არ გვაქვს სწრაფი პასუხი - ბოროტება დამარცხდა, თუ ცოტა ხანი პაუზა აიღო. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? იმიტომ რომ, თუ უკრაინაში ბოროტება არ დამარცხდა, შემდეგი ადგილი, სადაც ის ეცდება თავის ტრიუმფს, ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ როგორ ვემზადებით ამისთვის?" - იაგო ხვიჩიას თქმით, ეს არის ის კითხვები, რომლებზე პასუხებიც მოსახლეობას ხელისუფლებისა და პოლიტიკოსებისგან აინტერესებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დასკვნითი სიტყვით მიმართვის უფლებით არ ისარგებლა, შესაბამისად, ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მას კომენტარები არ გაუკეთებია.
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს, ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლამენტში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სასულიერო პირები.