Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ამბობს, რომ კვლევები ჩაუტარდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში: პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია


პატიმრობაში მყოფი საქართველს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას მისთვის 13 მარტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ. სააკაშვილის თქმით, კვლევების შედეგად დასმული დიაგნოზის შესახებ წერს იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრომ დიაგნოზი არ გაასაიდუმლოოს.

"იქ [რესპუბლიკურ საავადმყოფოში] ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა. პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი ეროზიები, ნუ არც იყო გასაკვირი.

რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით", - წერია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 14 მარტს გამოქვეყნებულ სტატუსში. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა პენიტენციურ სისტემაში შეუძლებელია. ის ასევე ფიქრობს, რომ პატიმრობისას მის მიმართ "განხორციელებული ძალადობა თავიდანვე იყო გათვლილი ასეთ შედეგზე."

დღესვე პარლამენტის ტრიბუნიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟუაშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საშუალება, როგორც უკრაინის მოქალაქე, დაბრუნდეს უკრაინაში მაშინ, როცა იქ ომია. სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური მოხსენებისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ აპირებს ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ორ საქმეზე მისჯილი ბრალით, 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მან შიმშილობა იმავე დღეს გამოაცხადა, 50-ე დღეს კი, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გავლის პირობით, უარი თქვა პროტესტის ამ ფორმაზე. გასული წლის დეკემბრის ბოლოს ის ისევ დააბრუნეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ადვოკატების ინფორმაციით, პირად მკურნალ ექიმს მისი მონახულების საშუალება არ ეძლეოდა.

იმის გამო, რომ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო პენიტენციური სამსახურისგან შეთავაზებული სერვისებით, 21 თებერვალს, "ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის" მოთხოვნით, უვადო შიმშილობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა. პროტესტი მან 10 მარტს შეწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო კვლევების ჩატარების მოთხოვნით სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემას 11 მარტს მიმართა.

XS
SM
MD
LG