საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებამდე, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შენიშვნა გამოთქვა "პროცედურულ საკითხთან" დაკავშირებით და თქვა, რომ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის შესვლამ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი კასიანოვთან ერთად, "გარკვეული უხერხულობა" შექმნა.
„გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით, რომელთანაც უკაცრავად. მინდა მას, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, პატივისცემა დავუფიქსირო და გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ, პირველ რიგში, სოლიდარობა, პატივისცემა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი. პირველი შემთხვევა იყო რიგგარეშე სხდომის მოწვევის მცდელობა, მეორე კი, როცა უხერხული მდგომარეობა შეიქმნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ. მგონია, რომ მსგავსი პრეცედენტები აღნიშვნას საჭიროებს, რომ არ შეიქმნას მომავალში ასეთი ფაქტების ტენდენცია. ამიტომ იმ უხერხულობისთვის, რომელიც ახლა შეიქმნა, უკაცრავად მისიის წარმომადგენელთან და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მას და მის ხალხს სოლიდარობასა და პატივისცემას“, - განაცხადა მდინარაძემ. მას დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ "„საქართველოს პარლამენტი მუშაობს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს რეგლამენტის საფუძველზე და მნიშვნელოვანია ფორმებისა და წესების დაცვა.“ პაპუაშვილმა ამავე გამოსვლაში აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტში მათი მიწვევით იმყოფებოდა. პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლას, როგორც წესი, მთავრობასთან, სასულიერო პირებთან და ომბუდსმენთან ერთად, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლის ფორმატში, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რას გულისხმობდა, როცა პრეზიდენტი პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა:
„მე გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად, სიტყვა [გაუფრთხილებლად] არის აქ მთავარი, შემოიყვანეთ პატივცემული წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში. ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით“, – ასე ახსნა მისი წინა განცხადება მამუკა მდინარაძემ.
ანდრი კასიანოვი, რომელთან ერთადაც შევიდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში სალომე ზურაბიშვილი 13 მარტს, უკრაინაში საქართველოს ელჩის მოვალეობას ასრულებს მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი გაიწვია თბილისიდან კიევში, რუსეთისთვის სანქციების დაკისრებასა და მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით საქართველოს "ნაკლებად მორალური" პოზიციის გამო.
დღესვე, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, დააბრუნოს ელჩი თბილისში. იგივე თხოვნა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან დეპუტატ იაგო ხვიჩიას. ის პარტია "გირჩს" წარმოადგენს.