საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა 3 მარტს გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდამჭერისთვის და უკრაინაში ომის მიმდინარეობა შეაჯამა. ელჩის თქმით, უკრაინელები მტკიცედ იცავენ ქვეყანას, თუმცა აგრესორი თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავს ქალაქებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის სარკინიგზო ხაზებს, რომლებსაც მოქალაქეები მშვიდობიან ადგილებამდე მისაღწევად იყენებენ. მას აქვს იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ომის დანაშაულებისთვის ჰააგის სასამართლოში ბრალდებულის სკამზე დაჯდომა მოუწევს.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ შეუძლებელს უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასაცავად", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
ანდრი კასიანოვმა გვარების დასახელების გარეშე ისაუბრა ასევე სავარაუდოდ "ქართული ოცნების" ლიდერების ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე:
"გაოცებულები ვართ ქართველი პოლიტიკოსების ცალკეული განცხადებებით, რომლებიც ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებთან აკავშირებენ. უკრაინა საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვისაც და მათ შორის, ომი საქართველოსთვის. არავინ არ ეკითხება არავის, რომელი პარტიის ბილეთი აქვს რომელიმე ქართველს, ვინც მზად არის დაეხმაროს უკრაინას ნებისმიერი საშუალებით", - თქვა ანდრეი კასიანოვმა.
ირაკლი კობახიძემ 2 მარტს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ელჩის გაწვევა იმით ახსნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მრავლად ჰყავს "წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში და პრეზიდენტის გარემოცვაში."
1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შევიდა სამხედრო ძალებით და მას შემდეგ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.