თბილისის მერია დეზინფორმაციას უწოდებს ცნობას, რომლის თანახმად, „თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)
თბილისის მერიას 170-მილიონიანი პროექტის ხელშეკრულება შეუჩერა".
როგორც მერია განმარტავს, EBRD-მ შეაჩერა არა თბილისის მერიის პროექტი, არამედ მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება. მერიაში აცხადებენ, რომ EBRD-ის წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს „მეტროვაგონმაში" [რუსული კომპანია], თუმცა კომპანიასთან თანხის გადარიცხვა ამ ეტაპზე შეჩერებულია.
რაც შეეხება თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, მერიის მტკიცებით, მას საფრთხე არ ემუქრება და EBRD აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თბილისის მუნიციპალიტეტთან.
„მეტროვაგონმაშის" საკითხზე დღეს, 11 მარტს, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
„მაშინ, როდესაც გენოციდს აწყობს პუტინის რეჟიმი უკრაინაში, აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიას აქვს კონტრაქტი გაფორმებული რუსულ კომპანიასთან 170 მილიონი ლარის ღირებულების, - განაცხადა ნიკა მელიამ და დაამატა, - აღნიშნული რუსული კომპანია აწარმოებს რუსულ სამხედრო, საბრძოლო ტექნიკას, მუხლუხოებიან, ჯავშან-სატრანსპორტო ტექნიკას".
რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშის" ტენდერში გამარჯვების შესახებ ინფორმაცია გასული წლის დეკემბერს გახდა ცნობილი. თბილისის მერია განმარტავდა, რომ ტენდერი დონორმა ორგანიზაციამ, EBRD-მა გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც მან შეარჩია.