თბილისის მეტრო 44 ახალ ვაგონს 50 მილიონ ევროდ რუსული კომპანია "მეტროვაგონმშენისგან" იყიდის. ინფორმაციას, რომელსაც რუსული სააგენტო tass ავრცელებს, თბილისის მერიაშიც ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ტენდერი დონორმა ორგანიზაციამ, EBRD-მა გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც მან შეარჩია.
"EBRD-ის დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს "მეტროვაგონმაში". ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება დაგეგმილია 2022 წლიდან და უნდა დასრულდეს 36 თვის განმავლობაში" - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში.
ჩვენ შევეცადეთ, კომენტარი მიგვეღო EBRD-სგან, თუმცა პრესცენტრში გვითხრეს, რომ ოფისი დღეიდან 10 იანვრის ჩათვლით ისვენებს და კომენტარი ამ თემაზე მხოლოდ შემდეგ შეიძლება გაკეთდეს.
მეტროს ახალი ვაგონების შეძენა და ჯამში 10 მატარებლის შემადგენლობის განახლება რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის პროგრამის ფარგლებში ხდება. ეს პროგრამა ჯამში 75 მილიონი ევროს ღირებულებისაა. EBRD-ის მიერ სესხის სახით 65 მილიონი ევროა გამოყოფილი. თანხა საქართველოს სატრანსპორტო კომპანიას ორ ტრანშად მიეწოდება EBRD-სგან.
"ინვესტიცია ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობის, უსაფრთხოების და ეფექტიანობის გაუმჯობესებას კომპანიისთვის დაახლოებით 40 თანამედროვე მეტროს ვაგონის (მატარებლების 10 შემადგენლობა) შეძენის გზით, იმისათვის, რომ კომპანიამ არსებული, მოძველებული, მოძრავი შემადგენლობა გამოცვალოს. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მეტროს დეპოსა და გვირაბის რეაბილიტაციას", - წერია პროგრამის მიზნებში.
პროექტი ფართო პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანია დაეხმაროს ქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის რეფორმირებაში, ავტობუსისა და მეტროს სისტემების განახლებისა და ქსელის რესტრუქტურიზაციის დაფინანსებით.
"საქართველოში [მეტროს] 141 ერთეული მოძრავი შემადგენლობიდან, საშუალოდ, 35% 41 წლის ასაკისაა და 65%-ზე მეტი - კი 27 წლის. მეტროპოლიტენის მოქმედი ვაგონების მომსახურების საშუალო ვადა შეადგენს 35 წელს, ამიტომაც ძალიან აქტუალურად დგას მათი გამოცვლის საკითხი. ვაგონების ტექნიკური ექსპერტიზა უკვე განხორციელდა დამოუკიდებელი ტექნიკური კონსულტანტის მიერ", - ვკითხულობთ EBRD-ის მიერ თბილისის მეტროსა და ზოგადად, სატრანსპორტო ქსელის პრობლემატიკაზე შექმნილ დოკუმენტში, რომელიც 2020 წლის მარტით არის დათარიღებული.