Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ითხოვს, სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანონ


საქართველოს სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 9 მარტს სააკაშვილთან და ციხის პერსონალთან მისი წარმომადგენლის შეხვედრამ, ეს აუცილებლობა გამოკვეთა.

"​პენიტენციური დაწესებულების ექიმისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა, ხოლო რიგი მაჩვენებლები და ჩივილები განსაკუთრებულად საყურადღებოდ მიიჩნევა. აღნიშნული კი გადაუდებელ გამოკვლევებს საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც ციხეში არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ 7 მარტს სააკაშვილთან იყვნენ სამოქალაქო კლინიკის ექიმები, რომლებმაც დაადგინეს, რომ აუცილებელია ჩატარდეს კვლევები, რომლებიც ციხის ტერიტორიაზე არ კეთდება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პატიმარს ამ დრომდე არ ჩასტარებია თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT კვლევა), რომლის რეკომენდაციაც თითქმის ორი თვის წინ, 19 იანვარს გაიცა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარი ვერ იღებს რეკომენდირებულ და დაგეგმილ სამედიცინო მომსახურებას, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 7 მარტს განსაზღვრული დაუყოვნებლივ ჩასატარებელი სამედიცინო გამოკვლევებიც შესაძლოა არ ჩატარდეს ან/და გაჭიანურდეს არაგონივრულად, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნის პირდაპირი დარღვევით", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა, შესაძლოა გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ორ საქმეზე მისჯილი ბრალით, 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მან შიმშილობა იმავე დღეს გამოაცხადა, 50-ე დღეს კი, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გავლის პირობით, უარი თქვა პროტესტის ამ ფორმაზე. გასული წლის დეკემბრის ბოლოს ის ისევ დააბრუნეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში - ადვოკატების ინფორმაციით, ამ დროიდან არ ეძლევა მის პირად მკურნალ ექიმს მისი მონახულების საშუალება.

იმის გამო, რომ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო პენიტენციური სამსახურისგან შეთავაზებული სერვისებით, 21 თებერვალს, "ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის" მოთხოვნით, უვადო შიმშილობა კიდევ ერთხელ გამოაცხადა. პროტესტი მან 10 მარტს შეწყვიტა.

"მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ.

ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ!" - განაცხადა მან.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. ის ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG