რუსეთის მიზანი არ არის უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდება. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. ომის დასაწყისში, წარმატებული იერიშის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინელ სამხედროებს გადატრიალებისკენ მოუწოდებდა.
ზახაროვას თქმით, ომის მიზანია დონბასის პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების დაცვა, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ასევე, მისი თქმით, სამხედრო ოპერაციის მიზანია უკრაინის „დენაციფიკაცია“ და რუსეთის მიმართ სამხედრო საფრთხის გაუვნებლება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ამოცანებში არ შედის უკრაინის ოკუპაცია და მისი სახელმწიფოებრიობის დანგრევა.
7 მარტს პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მოსკოვი უკრაინისგან ითხოვს კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის ჩაწერას, სეპარატისტების დამოუკიდებლობის ცნობას და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე პრეტენზიებისაგან უარს.
ჯერ კიდევ 25 თებერვალს, უკრაინაში ომის მეორე დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინელი სამხედროებისადმი მიმართვაში მოუწოდა მათ, მოაწყონ გადატრიალება და ხელში აიღონ ხელისუფლება. უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებას მან მაშინ „ნარკომანებისა და ნეონაცისტების ბანდა“ უწოდა.