"საქართველოს ავიახაზების" ოფისთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ავიაკომპანიის ვებსაიტზე, გადახდის ველში, რუსული საბანკო სისტემის, "Мир”-ის დამატების გამო. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთს დასავლეთმა სანქციები დაუწესა იმისთვის, რომ შეწყდეს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალებისა და ბავშვების ხოცვა და ამის ფონზე, ქართული კომპანიის მიერ რუსული გადახდის სისტემის ინტეგრირება მეტი მოგების სანახავად, მიუღებელია.
"არ შეიძლება ადამიანი გვეუბნებოდეს, რომ სამშობლოს ურჩევნია ფული და ამაზე ხელისუფლება დუმდეს. [თამაზ] გაიაშვილის ადგილი არის სერგო ორჯონიკიძის დაფაზე და მას აუცილებლად შერცხვება ქუჩაში. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ სისტემაში ჩართულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ეს ადამიანი [გაიაშვილი] არც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"Мир"-ის გადახდის სისტემა 7 მარტს გამოჩნდა ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ვებსაიტზე, "ვიზასა" და "მასტერქარდის" გვერდით. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ესაა საშუალება, გაყიდოს რაც შეიძლება მეტი ბილეთი, სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ეს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ანტისახელმწიფოებრივი და მორალს მოკლებული საქციელია და მთელი ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.
9 მარტს დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, საქართველომ განიხილოს შესაძლებლობა, შეუერთდეს რუსულ საბანკო სისტემა „Мир"-ს იმისათვის, რომ არ შეიქმნას რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში რაიმე სირთულე. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact.ge-ს ცნობით, ფრიდონ ინჯიას, მის მეუღლეს და შვილებსაც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.