ეროვნული ბანკი განცხადებით ეხმაურება "საქართველოს ავიახაზების" მიერ რუსული საბანკო სისტემის, "Мир"-ის, დამატებას გადახდის სისტემებში. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები გადახდების სისტემების კომპანია "Мир"-თან არ თანამშრომლობენ.
რაც შეეხება "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ "Мир"-ის სისტემის გამოყენებას, ეროვნული ბანკი კომპანიის დასახელების გარეშე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის შეფასება სცილდება მათ კომპეტენციას.
"ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.
ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია "Мир"-ი თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით შესაძლოა არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
"Мир"-ის გადახდის სისტემა 7 მარტს გამოჩნდა ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ვებსაიტზე "ვიზასა" და "მასტერქარდის" გვერდით. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ესაა საშუალება, გაყიდოს რაც შეიძლება მეტი ბილეთი, სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ეს, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ანტისახელმწიფოებრივი და მორალს მოკლებული საქციელია და მთელი ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.
9 მარტს დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, საქართველომ განიხილოს შესაძლებლობა შეუერთდეს რუსულ საბანკო სისტემა „Мир"-ს იმისათვის, რომ არ შეიქმნას რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში რაიმე სირთულე. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact.ge-ს ცნობით, ფრიდონ ინჯიას, მის მეუღლეს და შვილებსაც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.