უკრაინის პროკურატურამ სასამართლოსგან მიიღო რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის დაკავების ნებართვა. ამის შესახებ ფეისბუკზე წერს უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიკტოვა.
ის მიხალკოვს მიმართავს: „ოფიციალურად გაცნობებთ, რომ უკრაინის დამოუკიდებელმა, სუვერენულმა, სამართლიანმა სასამართლომ უკრაინელ პროკურორებს ნება დართო თქვენ დაგაკავონ უკრაინის სასამართლოში მისაყვანად, როგორც ეჭვმიტანილისთვის აღკვეთის ზომის შესაფარდებლად“.
ირინა ვენედიკტოვას მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსი რეჟისორის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ეხება ამ ქმედების ჩადენას ეროვნული ან რელიგიური შუღლის გაღვივებით. მსგავსი დანაშაული უკრაინაში ისჯება 5-დან 10 წლამდე პატიმრობით.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი წერს, ნიკიტა მიხალკოვი ომის მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. ვენედიკტოვას ინფორმაციით, დაწყებულია ოფიციალური პროცედურაც მიხალკოვის საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად.
რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი პრეზიდენტ პუტინის და მისი პოლიტიკის ყველაზე აქტიურ მომხრეთა შორისაა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას. 2014 წელს მიხალკოვი იყო ყირიმის ანექსიის აქტიური მხარდამჭერიც.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.