Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენის თქმით, აშშ არ ეცდება რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩაბმას


აშშ-მა პარასკევს დაიცვა ნატოს გადაწყვეტილება, რომ არ ჩაკეტოს უკრაინის საჰაერო სივრცე, ვინაიდან ასეთი ზომის გამო კონფლიქტში მეტი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული.

„ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ომი არ გავრცელდეს უკრაინის გარეთ... ფრენისთვის აკრძალულ ზონას შეიძლება სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვეს ევროპაში,“ თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იქ მანამდე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები განაგრძობენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინის თავზე ფრენისთვის აკრძალულ ზონას არ მოაწყობენ და უკრაინაში არ გაგზავნიან ჯარებს.

პრესკონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ არასოდეს ეცდება რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩაბმას.

მან კვლავ გაიმეორა, რომ, როგორც ბრძოლის ველზე ვხედავთ, რუსეთის ჯარები სულ უფრო მეტად იყენებენ სასტიკ მეთოდებს, მათ შორის იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

სახელმწიფო მდივნის თქმით, პუტინს ძვირად დაუჯდება უკრაინაში შეჭრა.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროკავშირს შორის სრული თანხმობაა მიზნებთან დაკავშირებით.

ბლინკენის თქმით, რუსეთი არასოდეს ყოფილა ისე იზოლირებული, როგორც ახლა, დასავლეთი კი არასოდეს - ასე შეკავშირებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე და შენიშნა, რომ მათ უკვე დიდი გავლენა მოახდინეს რუსეთის ეკონომიკაზე.

მისი თქმით, მიუხედავად რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების კურსისა, გაუმართლებელია სანქციები ენერგეტიკის სფეროში. მისი სიტყვებით, მსოფლიოში ენერგომატარებლების მიწოდების შემცირება გამოიწვევდა ფასების ზრდას ამერიკელებისთვის და ხელს შეუწყობდა რუსეთის მოგების ზრდას გაზრდილი ფასებით.

ბლინკენის თანახმად, აშშ გეგმავს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და არავითარ საშუალებას არ გამორიცხავს.

„არაფერია გამორიცხული, ჩვენ ყოველდღე ვაფასებთ სანქციებს,“ თქვა მან პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG