გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. რეზოლუციას სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 5 (ერიტრეა, ჩრდილოეთი კორეა, სირია, ბელარუსი და რუსეთი) და თავი შეიკავა 35-მა. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
ის არის იმ რეზოლუციის მსგავსი, რომლის თაობაზეც 25 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოში გაიმართა კენჭისყრა და რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. რუსეთის გარდა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვთ აშშ-ს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს.
განსხვავებით უშიშროების საბჭოსგან, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრაში არცერთ ქვეყანას არა აქვს ვეტოს უფლება.
გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომის ამ ფორმატში გამართვას კვირას უყარა კენჭი გაეროს უშიშროების საბჭომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაბლოკა რეზოლუციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღება.
„რუსეთის მიერ წარმოებული ომი ახალ რეალობას აღნიშნავს. ის ყოველი ჩვენგანისგან მოითხოვს მტკიცე და პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე სამშაბათს.
რეზოლუციას არა აქვს კანონის ძალა, მაგრამ, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, მას დიდი პოლიტიკური წონა აქვს.
რეზოლუცია „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.“
კენჭისყრამდე 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა მიმართა სესიას.
გაეროში უკრაინის ელჩმა სერგი კისლიცამ მოითხოვა, გენერალური ასამბლეის სხდომა ჩატარდეს პროცედურით, რომელიც „მშვიდობისთვის გაერთიანების“ რეზოლუციის სახელითაა ცნობილი და რომელიც შეერთებული შტატების მიერ იქნა ინიციირებული 1950 წელს, რათა გვერდი აევლო საბჭოთა კავშირის ვეტოსთვის კორეის ომის პერიოდში.
დღეს მიღებული რეზოლუცია უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი რეზოლუციაა.