რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს, 2 მარტს განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა სრული კონტროლი დაამყარეს ქალაქ ხერსონზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის თანახმად, „რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სრულ კონტროლქვეშ აიღეს საოლქო ცენტრი ხერსონი“.
რუსეთის სამხედრო ძალებმა ანექსირებული ყირიმის მახლობლად მდებარე ქალაქ ხერსონზე შეტევა 24 თებერვალს დაიწყეს. ხერსონში 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
კონაშენკოვის მტკიცებით, „სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობისთვის სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები და საქალაქო ტრანსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ და ქალაქი არ განიცდის სურსათის და პირველადი მოხმარების საქონლის უკმარისობას“. კონაშენკოვის განცხადებითვე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გრძელდება მოლაპარაკება ხერსონის სოციალური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების მიზნით.
ბოლო საათებში უკრაინული წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსული ძალების მიერ ქალაქ ხერსონის დაკავების შესახებ. უკრაინული მედიასაშუალებები ხერსონის მერზე, იგორ კოლიხაევზე დაყრდნობით წერდნენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონში დაიკავეს რკინიგზის სადგური და მდინარე დნეპრის ნავსადგური და ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ სახლებს და ადმინისტრაციულ შენობებს. მერის თანახმად, დაღუპულები და დაჭრილები არიან როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში ხერსონი დასახელებული იყო ერთ-ერთ მიმართულებად, სადაც მოწინააღმდეგე „შემტევ მოქმედებებს“ განაგრძობს. უკრაინის ხელისუფლებას ხერსონზე რუსების სრული კონტროლის ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
- პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
- პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
- 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
- უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
- რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
- ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.