უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და თავმოყრილია უკრაინის სახელმწიფო საზღვართან მაქსიმალურად ახლოს მდებარე რაიონებში.
თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაფიქსირებულია საავიაციო ტექნიკის მნიშვნელოვანი აქტივობა და დასახლებული პუნქტების: ბარანოვიჩის, ლიახოვიჩის და პინსკის რაიონებში შეინიშნება საბრძოლო მასალებით და სურსათით დატვირთული ავტომობილების კოლონის მოძრაობა. სამინისტროს ცნობითვე, 24 თებერვლიდან რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან სისტემატურად ახორციელებს სარაკეტო იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ "რუსეთის სატელიტმა ბელარუსმა", რომელიც მას ეხმარება საკუთარ ტერიტორიაზე ჯარების და შეიარაღების განთავსებაში, რუსეთ-უკრაინის ომში მხარდაჭერა გამოუცხადოს რუსებს და ხელი შეუწყოს ოკუპანტების მიზნების მიღწევას.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრემლთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.