ბელარუსის ავტრორიტარი მმართველი ალიაქსანდ ლუკაშეკნა იმეორებს, რომ ბელარუსის არმიას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და "არ იღებს".
„ნებისმიერს შეგვიძლია ეს დავუმტკიცოთ. მეტიც, რუსეთის ხელისუფლებას ეს საკითხი ჩვენ წინაშე არასოდეს დაუსვამს - ჩვენი მონაწილეობის შეიარაღებულ კონფლიქტში, არც მომავალში ვაპირებთ უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილეობას, არ არის მსგავსი აუცილებლობა“, - განაცხადა ლუკაშენკამ, ამასთან მან თქვა, რომ ბელარუსში მზადყოფნაშია მოყვანილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, „რომ რუსეთის არმიის ზურგში დარტყმა არ დავუშვათ“.
27 თებერვალს ლუკაშენკამ აღიარა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა და ამას „იძულებითი ნაბიჯი“ უწოდა.
"11 საათზე (23 თებერვლის საღამოს), ამ კონფლიქტის წინ ნამდვილად, დაახლოებით შავი ზღვის რაიონების ტერიტორიიდან, სადაც რუსული სამხედრო სწავლებები იმართებოდა, გაუშვეს ორი თუ სამი რაკეტა, მე მათთვის რაკეტების გაშვების ბრძანება არ მიმიცია, მე ვთქვი: „დიახ, ბიჭებო, ჩვენ ამას ვხედავთ“, - განაცხადა ლუკაშენკამ.
სააგენტო "ბელტას" ცნობით, ლუკაშენკამ თქვა, რომ რუსულ ჯარებს უკრაინისთვის ბელარუსის ტერიტორიიდან რომ არ შეეტიათ, უკრაინული რაკეტები ქალაქებში „გომელში ან მოზირში ჩაფრინდებოდნენ“.
უკრაინული მედიის ცნობით, რომელიც სხვა წყაროებთან არ არის გადამოწმებული, დღეს, 1 მარტს უკრაინის ჩერნიგოვსკის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ძალების "ჩრდილოეთის" რეგიონული განყოფილების სპიკერმა ვიტალი კირილოვმა განაცხადა, რომ რეგიონის ტერიტორიაზე ბელარუსის ჯარები შევიდნენ.
25 თებერვალს კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა რამდენიმე დიდი რუსული სამხედრო ჯგუფის და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, სამხრეთ ბელარუსში 150 სატრანსპორტო ვერტმფრენის სატელიტური სურათები.
2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, რუსეთმა ბელარუსში განათავსა თავისი რამდენიმე ათასი ჯარისკაცი. წვრთნები 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, წვრთნები ჩატარდა ხუთ სასწავლო მოედანზე, რომლებიც ძირითადად მდებარეობს ბელარუსის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ასევე, წვრთნებისთვის გამოყენებული იქნა ოთხი აეროდრომი ბარანოვიჩში, ლუნინეცში, ლიდასა და მაჩულიშჩიში, რომლებზეც განლაგდა სტრატეგიული ბომბდამშენები. ყველა ეს ტერიტორია უკრაინის საზღვრებთან მდებარეობს.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.